მთავრობის ახალი ინიციატივით, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიებს აეკრძალებათ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ცვლილებების მიზეზია ის, რომ “საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.” კობახიძის განმარტებითვე, ცვლილებების შემდეგ სახელმწიფო კვლავ დააკვირდება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას და თუკი მონაცემებმა მოხმარების კლება აჩვენა, ეს იქნება “უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა.“
კობახიძემ პარლამენტს მიმართა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები დაჩქარებული წესით მომავალ კვირაში მიიღოს. მისი განმარტებით, ამ ცვლილებების შედეგად ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული პირები მედიკამენტების გარეშე არ დარჩებიან და იმ პროგრამების განხორციელებას, რომლებშიც საერთაშორისო პარტნიორები და დონორი ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, სრულად სახელმწიფო გადაიბარებს საკუთარ თავზე.
„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც“, – თქვა კობახიძემ 25 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.
ცვლილებების ფონია ბოლო დღეების განმავლობაში მსხვილი ნარკორეალიზატორების დაკავების რამდენიმე შემთხვევა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, რომელთა შესახებაც ინფორმაციას პერიოდულად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნარკოტიკებთან წარმატებულად ბრძოლის დასტურად ვრცელდება ასევე პრესრელიზები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღების შესახებ.
“ოცნების” მიერ ნარკოპოლიტიკის წინა ცვლილებები ნარკოლოგებისა და ზიანის შემცირების პროგრამებში ჩართული პირების მიერ რეპრესიულად შეფასდა – წინა საკანონმდებლო ინიციატივები იძულებითი მკურნალობის შემოტანის აუცილებლობასაც ითვალისწინებდა.
ოფიციალური მონაცემებით, ნარკოდანაშაულების გახსნის სტატისტიკაში თითქმის არასოდეს ხდება ორგანიზებული ნარკოდანაშაულის გახსნა და ძირითადად ცალკეული ნარკორეალიზატორებით ინტერესდება გამოძიებები.
