„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ორ თებერვალს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ბოლო 13 თვის განმავლობაში ეს მისი მეოთხე ვიზიტია საამიროებში.
ამჯერად ის დუბაის ეწვია – ერთი წლის თავზე აბუ-დაბიში $6-მილიარდიანი „მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის“ შესახებ მემორანდუმის გაფორმებიდან.
„სიტყვით გამოვალ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე, რომლის მთავარი თემაა ინვესტიციების მომავალი“, – წერს იგი.
· „იგლ ჰილსის“ ინვესტიციები ჯერჯერობით საქსტატის მონაცემებში არ ასახულა;
· საამიროები არ შედის საქართველოს უმსხილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულშიც კი – 2025 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით;
· მესამე კვარტალში პირველ ადგილზე აშშ-ია 93.5 მლნ აშშ დოლარით.
· 2024 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 36.14 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა პირდაპირი ინვესტიციების სახით.
· ინვესტიციების ჯამური მოცულობა სამ კვარტალში 1.296 მლრ აშშ დოლარს აღწევს.
წინა ვიზიტები
ახლანდელი ვიზიტის მიზანია მონაწილეობის მიღება „მსოფლიო მთავრობათა სამიტში“, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება.
წინა სამი ვიზიტის თარიღები კი ასეთია:
· 2026 წლის 14 იანვარი – შეხვდა პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს; ისაუბრა „იგლ ჰილსის“ დაანონსებულ 6.6-მილიარდიან ინვესტიციასა და „თბილისის მშრალ პორტზე“.
· 2025 წლის 11-13 თებერვალი – დელეგაციასთან ერთად მაშინაც „მსოფლიო მთავრობათა სამიტში“ მიიღო მონაწილეობა; შეხვდა ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და სხვა ლიდერებს;
· 2025 წლის 27 იანვარი – შეხვდა პრეზიდენტ ალ ნაჰიანს. სწორედ ამ ვიზიტისას დაანონსდა Eagle Hills-ისა და Emaar Properties-ის დეველოპერული პროექტი.
2025 წელს კობახიძე სამჯერ შეხვდა ალ-ნაიანს. საამიროების პრეზიდენტი თავად საქართველოში 2025 წლის სექტემბერში იმყოფებოდა. ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.
ვინ არიან დელეგაციაში
ამჟამიდენლი ვიზიტისას ირაკლი კობახიძეს თან ახლავს:
· ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი
· საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი
· ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი
· იუსტიციის მინისტრი პაატა სალია
· განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე
· მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
„დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებთან, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.




