„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დაანონსებული აქციის მიზანი არაკონსტიტუციურია და ნებისმიერი „ძალადობრივი აქტის“ ჩამდენი იმაზე მკაცრად დაისჯება, ვიდრე შარშანდელი პროტესტის მონაწილეები.
კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვა, ხმა მისცენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
„რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება. თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე „შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ“.
„შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან თქვა, რომ არავის ურჩევს, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რადგან „ნებისმიერ ძალადობას უმკაცრესი კანონისმიერი პასუხი გაეცემა“.
კობახიძემ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას და გაერთიანებას, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა“.
„თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ძალადობაში მონაწილეობა ითვალისწინებს „მრავალწლიან სასჯელს“.
„გამოვიყენებთ მაქსიმალურ ძალას, რაც დასჭირდება კანონის დაცვას“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძეს ჰკითხეს მოძალადე პოლიციელებზე, რომელთაგან არცერთი დასჯილა.
„ნება მიბოძეთ, დღეს აქცენტს გავაკეთებ მხოლოდ მოძალადე პოტენციურ მომიტინგეებზე და მათ იდენტიფიცირებაზე“, — თქვა კობახიძემ.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კობახიძე 4 ოქტომბრის შეკრების მონაწილეებს, კანონდარღვევის შემთხვევაში, იმაზე მკაცრი სასჯელით ემუქრება, ვიდრე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციის მონაწილეების მიმართ დადგა.
