კობახიძე მაუწყებლობის შესახებ კანონზე: კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილი ქართული ოცნების საჩივარი მედიაში კულტურის უზრუნველყოფას ემსახურება.

მისი თქმით, მედიაში ტერმინებისა და სიტყვებით აკრძალვით, არა ცენზურა მყარდება, არამედ ეს ობიექტურობის სტანდარტების დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯია.

“ცენზურა არაფერ შუაშია. რეალურად, სტანდარტები უკვე მრავალი წელია დადგენილია ჩვენს კანონმდებლობაში, უბრალოდ ამის აღსრულების წესები არ არსებობდა. ის, რომ საინფორმაციო გამოშვება ობიექტური და ნეიტრალური უნდა იყოს, საერთაშორისო მედია სტანდარტია. ეს სტანდარტები საქართველოში მოქმედებდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა დაწერა აღსრულების მექანიზმები და ამის საფუძველზე განხორციელდა მიმართვა შესაბამისი ორგანოსადმი.

ობიექტურობის სტანდარტების დაცვა ვერანაირად ვერ შეფასდება ცენზურად. პირიქით, იმისთვის, რომ მედიაში სწორი კულტურა ჩამოყალიბდეს, საჭიროა, რომ დაცული იყოს ობიექტურობის სტანდარტები. კულტურის უზრუნველყოფა არ არის ცენზურა. ყველამ უნდა იზრუნოს ჩვენს საზოგადოებაში კულტურის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი მიმართულებით”, – თქვა მან.