არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებას ე.წ. აგენტების კანონის შესახებ სამომავლოდ ევროსასამართლოში საჩივრის შეტანაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
ჟურნალისტის შეკითხვას – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა კანონი ევროსასამართლოში რომ გაასაჩივრონ და ევროსასამართლომ მისი შეჩერება მოითხოვოს, გაიზიარებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებას? – კობახიძემ უპასუხა, რომ არ ჰგონია, ევროსასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.
„ვიდრე ჩვენ დავაინიციირებდით ამ კანონპროექტს, შევისწავლეთ სტრასბურგის პრაქტიკა და მასთან თავიდან ბოლომდე არის შესატყვისობაში ის კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება რუსულ და უნგრეთის კანონებს, მათ შესახებ [ევროსასამართლოში] გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სხვა იყო და ჩვენ ამ პრაქტიკის გათვალისწინებით დავაინიციირეთ ჩვენი კანონპროექტი“, – თქვა კობახიძემ.
კანონის მოქმედების შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას, მან გაიხსენა „რუსთავი 2-ის” საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დროებითი ღონისძიების მექანიზმი გამოიყენა და თავდაპირველად დროებით შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
„რაც შეეხება შეჩერებას, ეს არის თვისებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვიდრე მოხდება სამართლებრივად საკითხის განხილვა. თქვენ გახსოვთ, ზეწოლის საფუძველზე, თავის დროზე, „რუსთავი 2-თან” მიმართებით, პოლიტიკური გავლენის ქვეშ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა თავადვე სიღრმისეული განხილვის შემდეგ დაადგინა, რომ სინამდვილეში საერთოდ არ არსებობდა ამ გადაწყვეტილების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი 2-ის” საქმეზე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი“, – აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ „ასეთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ მოექცევა სტრასბურგის სასამართლო“ და შესაბამისად, ყველაფერი წარიმართება ისე, „რაც არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში. მე არ მგონია, ასეთი რამ მოხდეს, გამომდინარე იმ მწარე გამოცდილებიდან, რომელიც მიიღო „რუსთავი 2-ის” საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ“.
საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აცხადებენ, რომ აგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. 30 მაისს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე მათ განაცხადეს, რომ შიდა და საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებენ კანონის მოქმედების შესაფერხებლად. ორგანიზაციები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად სარჩელს ამზადებენ. ამავე დროს, ორგანიზაციები ევროსასამართლოში საჩივრის შესატანად ემზადებიან.
„იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ სამართლებრივ მექანიზმს. პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
28 მაისს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ კანონს დაემორჩილონ.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა არ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო დაძლია. კანონს ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 55 დღის განმავლობაში აპროტესტებდა.
„აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე, 23 მაისს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება: „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის გამოცხადება და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა”.
ვაშინგტონმა გადაწყვიტა, რომ სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს „ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დემოკრატიას ძირს უთხრიან, და მათი ოჯახის წევრებსაც. ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული პირი დასახელებული არ არის. გარდა ამისა, აშშ გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. მიზეზი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”.