კობახიძე: ე.წ. დიპ სტეიტს გეგმა ჩაუვარდა, “ლელო” და “გახარია” ჩამოსაწერია

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, “დიპ სტეიტს” ჩაუვარდა „ნაცმოძრაობის“ „ლელოთი“ და „გახარიათი“ ჩანაცვლების გეგმა, “პრაქტიკულად, უკვე ჩამოსაწერი გახდა ეს ორი პოლიტიკური პარტია”, რადგან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მათ დაბალი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა.
“„ლელომ“ მიიღო წინა არჩევნებში, შარშან, 180 ათასზე მეტი ხმა და ახლა მიიღო ამის ნახევარი, იმ პირობებში, როცა პრაქტიკულად არ იყო კონკურენცია, მათთვის ოპოზიციურ ფლანგზე. რაც შეეხება, გახარიას პარტიას, წინა არჩევნებში ჰქონდა 160 ათასზე მეტი ხმა მიღებული, ახლა მიიღო, დაახლოებით 50 ათასი ხმა ანუ ჩავარდა ჩანაცვლების პროექტი”, – განაცხადა მ.
პირობას დებს, რომ ყველაფერი გაკეთდება “ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალის” – “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ბოლომდე გასანეიტრალებლად.
“ოცნების” წარმომადგენლებმა ახლო წარსულში არაერთხელ განმარტეს, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობად”, უშუალოდ “ერთიანი მოძრაობის გარდა”, მოიხსენიებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც: “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ლელო – ძლიერ საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის”. 5 ოქტომბერს კობახიძემ ბრიფინგზე განმარტა, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში” ასევე გულისხმობენ და შესაბამისად – “განეიტრალებას” უპირებენ:
· “ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას”;
· “ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით. მათ შორის – ამისთვის გამოიყენება სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული ერთ-ერთი უნივერსიტეტი” [მანამდე გავრცელებული ცნობების გათვალისწინებით – ის გულისხმობს “საქართველოს უნივერსიტეტს”, რომელსაც “ქართული ოცნება” რადიკალიზმის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს];
· ამავე კონტექსტში ახსენა ორგანიზაციები – “ფარი” და “ერთობა”.
თვთმმართველობის არჩევნებში არ მონწილეობდა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი. “ლელო – ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” მონაწილეობას სხვა ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება პროევროპული პროტესტის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებდნენ.
კობახიძის თქმით, 4 ოქტომბერს ასევე ჩავარდა საქართველოში “ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობაც” და რომ “ძალიან ბევრი ადამიანი უნდა დაელოდოს სასჯელს იმ ძალადობისთვის, რომელიც მათ განახორციელეს სახელმწიფოსა და სამართალდამცავი უწყებების წინააღმდეგ”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო ცესკოს მაღალი სტანდარტებით ჩატარებული არჩევნებისთვის… მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში