პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
ირაკლი კობახიძემ რომ ზღაპარი დაწერა და გამოსცა კიდეც, თუ იცით? ზღაპარს „დაბრუნება ტერანუოვაში“ ჰქვია. ყურადღებას იპყრობს ორი პერსონაჟი: დონ კონსეო და სიგიზმუნდ მესაა. დონ – პატრონს და ხელმწიფეს ნიშნავს, ამგვარად, კონსეო პატრონი და ხელმწიფეა, სიგიზმუნდი კი, დაუზარელი მსახურია, რომელიც უპირველეს მოვალეობად ხელმწიფის „ნებისმიერ ნათქვამზე ყურადღების გამახვილებას“ თვლის. წინასიტყვაობაში თავად სიგიზმუნდ კობახიძე გვამცნობს, რომ ამ ზღაპარმა, თურმე, უნდა: ,,წაშალოს ზღვარი ოცნებასა და რეალობას შორის!“ ზღაპარი ორჯერ დაიბეჭდა, მეორედ- 2018 წელს ანუ მაშინ, როცა სიგიზმუნდ კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე გახლდათ!
იურიდიულად საქართველო მონარქია არაა, ფაქტობრივად კი, ჩვენც გვყავს დონ კონსეო – ხელმწიფე დღეს ბიძინა ივანიშვილია, პრემიერ-ვეზირი კი, სიგიზმუნდ კობახიძეა. არსებული ვითარება ორმაგად ტრაგიკულია, ვინაიდან პრემიერ-ვეზირმა, რომელიც ხელმწიფის „ნებისმიერ ნათქვამზე ყურადღებას ამახვილებს“, თავად ხელმწიფე ჯადოსნურად და სახიფათოდ შეიპყრო: შეიპყრო ცრუ-დაბეზღებებით, შეიპყრო ცრუ-დაბრალებებით და შეიპყრო კაცთმოძულე რჩევებით.
არამც და არამც არ დავივიწყოთ, რომ პრემიერ-ვეზირი კობახიძე, ისევე როგორც ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, ადამიანთა ახალ სახეობას განეკუთვნება – ჰომო მენდაქს ეტ კალუმნიატორი ანუ ადამიანი მატყუარა და ცილისმწამებელი (გთხოვთ, ამ თემაზე წაიკითხოთ ჩემი წინა წერილი). ამ სახეობის წარმომადგენლებს, გარდა ტყუილისა და ცილისწამებისა, საკუთარი ნაღვაწის უსასრულოდ გაზვიადება და სხვისი ღვაწლის უზომოდ დაკნინება ახასიათებთ, მეტიც, სხვისი ღვაწლის დადებითი ნაყოფის მიტაცება ამ სახეობის ადამიანებისთვის ცხოვრების წესია!
ერთი ამბავი უსათუოდ უნდა გავიხსენო: ადა მარშანია დაიბადა და გაიზარდა სოხუმში, ეროვნებით აფხაზია, არაერთხელ იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი. რუსეთში ადა ტელეკამერების წინ აცხადებდა: აფხაზი ვარ, აფხაზეთი საქართველოა და დედასამშობლოს უნდა დაუბრუნდესო! რუს დეპუტატებსა და ჩინოვნიკებთან შეხვედრისას ადაც და მეც საქართველოს გამთლიანებას ვითხოვდით! ამ შეხვედრებმა რა მოგვიტანა? რუსეთმა, როგორც იქნა, 30 წლის თავზე, პირველად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია: ნეიტრალური საქართველო- შვეიცარიის მსგავსად!
სააკაშვილს ეს ყველაფერი არ მოსწონდა, რატომ? იმიტომ, რომ ყველაფერს ყიდდა: კოდორიც გაყიდა, ახალგორიც, მამისონიც, დავით გარეჯიც და აჭარაც. ბუნებრივია, ქართული მიწების გაყიდვის ბნელ საქმეში ჩვენნაირი ხელისშემშლელები არ სჭირდებოდა, ამიტომაც რუსეთის აგენტობას გვაბრალებდა. საოცრებაა: სკოლაში- კომკავშირული გაზეთის რედაქტორი, 16 წლის ასაკში- პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი, 18 წლის ასაკში-კაგებეს ჯარის ეფრეიტორი, 22 წლის ასაკში- კაგებეს ლეინტენანტი და დღეს, ალბათ, კაგებეს გენერალი- სააკაშვილი სხვებს აბრალებს რუსეთის ჯაშუშობას. თუმცა, ეს სახელმძღვანელოებში აღწერილი ტაქტიკაა: ჯაშუში, თავისი ჯაშუშობის შესანიღბად, სხვებს აცხადებს ჯაშუშებად. სააკაშვილი როლში ისე შეიჭრა, რომ სერაფიმ საროველის მონასტერში მოსალოცად ჩასულ ქართველებსაც კი, რუსეთის ჯაშუშებად აცხადებდა (გთხოვთ YouTube-ზე იხილოთ ტელეკომპანია „ობიექტივის“ დოკუმენტური ფილმი სააკაშვილზე – არ ინანებთ! ასევე, ყველა ტელეარხს ვთხოვ, ამ ფილმის ეთერში გაშვებას,
სოროსელი ირაკლი კობახიძეც არ ჩამორჩებოდა სააკაშვილს,- ჩვენს მიმართ ცილისწამებაში: ჩვენი შეხვედრების სტენოგრამები ხელთ ჰქონდა კობახიძესაც, „ქართული ოცნების“ ტელეარხებსაც და სააკაშვილის ტელეარხებსაც და კობახიძემ იმთავითვე იცოდა,- მოსკოვში რისთვის ჩავდიოდით, რაზე ვსაუბრობდით და რისთვის ვიღწვოდით. მიუხედავად ამისა, საჯაროდ გვაკერებდა პრორუსულობის იარლიყს და ყველგან ცდილობდა ჩვენთვის სახელის გატეხვას.
ამ უსინდისო და სამარცხვინო ცილისწამებას ჩვენ უკვე შევეჩვიეთ. ტრაგედია აქ ისაა, რომ სააკაშვილმა და კობახიძემ, პირადი მაგალითით, ხელი შეუწყვეს ჩვენს ქვეყანაში თავისნაირი ჰომო მენდაქს ეტ კალუმნიატორი ანუ ადამიანი მატყუარა და ცილისმწამებლების აღმოცენებას. ქვეყანაში გაჩნდნენ ახალგაზრდებიც და დაღვინებულებიც, რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში, სამშობლოსთვის არასდროს უღვაწიათ, ესენი არც ცხინვალში იყვნენ, არც სოხუმში, არც ჭუბერზე და არც გორში, არც კირნათში, არც დავით გარეჯს იცავდნენ და არც დედაეკლესიას, არც სვანეთის საგანძურს იცავდნენ და არც საყდრისს. მოკლედ, ამათ, როგორც წესი, არასდროს და არაფერი სამშობლოსთვის არ გაუკეთებიათ, ამათი მთავარი საქმე ჩვენნაირების რუსეთუმეებად და რუსეთის ჯაშუშებად გამოცხადება, ლანძღვა და პირადი შეურაცხყოფაა. დააკვირდით: პირად შეურაცხყოფას არასდროს და არავის არ ვაყენებ, არც მეშინია და არც უკანდამხევი ვარ, უბრალოდ, ვიცი, რომ ეს უზნეობაა და უზნეობას არ ჩავდივარ, სააკაშვილი და კობახიძე კი, სხვისი ხელით მუდმივად გვაყენებენ პირად შეურაცხყოფას და ამით გულს იფხანენ.
რატომ ვწერ ამას? უსათუოდ უნდა გავაცნობიეროდ, რომ ადოლფ სააკაშვილიც, სიგიზმუნდ კობახიძეც და მათი მიმბაძველი მატყუარა და ცილისმწამებელი ადამიანებიც – ქართველ ხალხს არ მოსწონს და არ თანაუგრძნობს მათ! ხალხს განსაკუთრებით აღიზიანებენ რუსეთუმეებისა თუ სხვა იარლიყების მიმკერებლები. მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც არაერთხელ გვითქვამს: „ქართული ოცნება“ არც პრორუსია და არც რუსეთის ჯაშუშია, არც პროამერიკელია, არც პროევროპელია და არც პროჩინელი. „ქართული ოცნება“ ფეოდალურ ანუ მონათმფლობელურ სახელმწიფოს აშენებს და ამას ცალკე წერილს მივუძღვნი. ახლა კი, კვლავ დავსძენ, რომ ქართველ ხალხს რუსეთუმეებისა თუ სხვა იარლიყების მიმკერებლები განსაკუთრებით აღიზიანებს და „ქართულმა ოცნებამ“ ეს იცის, ამიტომაც პრემიერ-ვეზირმა სიგიზმუნდ კობახიძემ ჯერ ადოლფ სააკაშვილის თანამებრძოლების დაპატიმრებით დაიწყო, შემდეგ კი, საპროტესტო აქციებში მონაწილე მათი მომხრეები „გამოკვეთა“, საზოგადოებას თვალსაჩინოდ „დაანახა“ და დააპატიმრა.
თეატრალური დრამა კი, ამის შემდეგ ვიხილეთ: მომიტინგეების აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილის, ულტრალიბერალიზმისა და ლგბტ-ს მომხრეებად გამოცხადდა და ამგვარი შენიღბვის გზით, იმდენი ხალხი დაიჭირეს, რომ ციხეებში ადგილი აღარ არის! დღეს თუ არა ხვალ, პატიმრების რაოდენობით კობახიძის ციხეები სააკაშვილის ციხეებს გაუტოლდება! ამისთვის ვიბრძოდით?
ათჯერ, ოცჯერ და ოცდააჯერ მივმართე ტელეეკრანებიდან პრემიერ-ვეზირს: ჩაბრძანდი, შეხვდი მომიტინგეებს, თუ მარტო არ გსურს – შევქმნათ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფი, ერთად მივიდეთ, შევხვდეთ და გამოვძებნოთ საერთო ენა, მაგრამ სიგიზმუნდს არ სურს!
ახლა მორიგჯერ ვამბობ: მომიტინგეების დიდი უმრავლესობა არც მიშისტია, არც ბიძინისტია და არც სიგიზმუნდისტი, არც ლგბტ-ს მომხრეა, არც ულტრალიბერალია და არც იარლიყების მიმკერებელი! მომიტინგეების უმრავლესობა ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან და სრულიად სამართლიანად არ მოსწონთ, როცა პრემიერ-ვეზირი კობახიძე გვამცნობს, რომ არჩევნებზე მილიონნახევარი კაცი მოვიდა, როცა 750 ათასიც არ მოსულა! მათ არ მოსწონთ, რომ კობახიძემ ხელისუფლება მიიტაცა, არ მოწონთ, როცა კობახიძე მათ ქიმიით წამლავს და ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე საერთაშორისო გამოძიება დაიწყება და კობახიძის ბედს არავინ ინატრებს! მათ კიდევ ბევრი რამ არ მოსწონთ და არ მოსწონთ სრულიად სამართლიანად, მაგრამ ყველაზე მეტად რაც არ მოსწონთ – ეს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებაა!
ამიტომ, აღარც მახსოვს მერამდენედ, ახლა უკვე ამ საჯარო წერილით მივმართავ სრულიად „ოცნებას“ – გაათავისუფლეთ ყველა უდანაშაულო პატიმარი ანუ გაათავისუფლეთ პატიმრების აბსოლუტური უმრავლესობა, ჩვენ თუ არ გვიჯერებთ, საპატრიარქოს მაინც დაუჯერეთ!
ირმა ინაშვილი. თბილისი. 2026 წლის 9 იანვარი.




