„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოში ჩვენება გამომძიებელმა სალომე შიოშვილმა მისცა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლოში ჩვენება გამომძიებელმა სალომე შიოშვილმა მისცა.
როგორც გამომძიებელმა აღნიშნა, ჯაფარიძე პარლამენტში 2025 წლის 8 აპრილს იყო დაბარებული, ის არ გამოცხადდა. შემდეგ კენჭი ეყარა მისი საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურისთვის გადაცემას. შიოშვილის თქმით, ჯაფარიძემ უარი თქვა გამოძიების ეტაპზე გამოკითხვაზე, ასევე უთხრა, რომ გირაოს თაობაზე ხელს არ აწერდა.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
პროკურორის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ცნობილი იყო, ის კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა.
ბრალდების მხარის განმარტებით, ისინი შემდეგ სხდომაზე წარმოადგენენ მოწმეებს, წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, რაც დაადასტურებს, რომ ჯაფარიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას.
ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის განმარტებით, ისინი პარლამენტის კომისიის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებენ, ვინაიდან კომისიაზე ოპოზიციური წარმომადგენლების ნახევარზე ნაკლები არ უნდა იყოს წარმოდგენილი, ახლა კი არსებული რაოდენობა კანონის უხეში დარღვევაა და მოსამართლემ საერთოდ ეს სისხლის სამართლის განხილვა უნდა შეაჩეროს. ჩომახაშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. ამასთან, ადვოკატის თქმით, ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსჯადი საქმეა და არა სისხლის სამართლის კოდექსით.
საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოუცხადებლობას ეხება.
სხდომას ესწრებიან ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რაც მან არ გადაიხადა. აღნიშნულის გამო ის 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.