კირ სტარმერმა პრემიერის რანგში პირველად მიმართა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას

გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებული ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, კირ სტარმერი პრემიერმინისტრი ოფიციალურად გახდა. ბუკინგემის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ მესამემ სტარმერს პრემიერმინისტრად დანიშვნა და მთავრობის ჩამოყალიბება ოფიციალურად სთხოვა.
მეფესთან შეხვედრის შემდეგ, დაუნინგ სტრიტიდან სტარმერმა პრემიერმინისტრის ამპლუაში პირველად მიმართა მოსახლეობას. მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილ პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს და მისი ხელმძღვანელობისას “თავდადება და შრომა” დაუფასა.
“როდესაც ადამიანების მიერ გაღებულ მსხვერპლსა და პოლიტიკოსებისგან მიღებულ მომსახურებას შორის უფსკრული ასე ფართოვდება, ეს ერის გულის გადაღლასა და იმ იმედის, სულის და უკეთესი მომავლის რწმენის დაკარგვას იწვევს, რომელიც ჩვენ წინსვლისთვის გვჭირდება.
ახლა ეს იარა, ნდობის ეს ნაკლებობა მხოლოდ მოქმედებით შეიძლება განიკურნოს და არა სიტყვებით. მე ეს ვიცი.
დღეს შეგვიძლია დავიწყოთ იმ მარტივი აღიარებით, რომ საჯარო სამსახური პრივილეგიაა და მთავრობა ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს პატივისცემით უნდა მოეპყროს.
თუ გუშინ ხმა ლეიბორისტულ პარტიას მიეცით, ქვეყნის ხელახალი მშენებლობისას თქვენ მიერ გამოცხადებულ ნდობაზე პასუხისმგებლობას ავიღებთ. მაგრამ მიეცით თუ არა ხმა ლეიბორისტულ პარტიას და, განსაკუთრებით, თუ ეს არ გიქნიათ, მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემი ხელისუფლება თქვენ მოგემსახურებათ”.
სტარმერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე იმ მიზნებზე, რომელთა მიღწევასაც ლეიბორისტული პარტია შეეცდება. მისი თქმით, მათთვის პრიორიტეტია დაცული საზღვრები, უსაფრთხოება ქვეყნის შიგნით, დასაქმებულების უფლებების დაცვა, ელექტროენერგიის გადასახადების შემცირება, მსოფლიო დონის სკოლებისა და კოლეჯების მშენებლობა და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი ადგილების შექმნა იქნება.
პრემიერმინისტრმა პირობა დადო, რომ “ქვეყანას პირველ ადგილზე დააყენებს” და მას “დოქტრინისგან თავისუფალი” მართავს.
4 ივლისს გაერთიანებული სამეფოს საყოველთაო არჩევნებში კონსერვატიული პარტიის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა და ხელისუფლებაში ლეიბორისტული პარტია კირ სტარმერის ხელმძღვანელობით მოვიდა.
ამჟამინდელი დათვლილი ხმებით, ლეიბორისტთა პარტიას 650 მანდატიდან მოპოვებული აქვს 389. ხმების სრულად დათვლის შემდეგ მათ შეიძლება პარლამენტში ადგილების უპრეცედენტო რაოდენობა მოიპოვონ.