კირ სტარმერი – გაერთიანებული სამეფო მზადაა, უკრაინაში საკუთარი ჯარები განათავსოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მზადაა უკრაინაში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების აღსასრულებლად, ბრიტანული ჯარები განათავსოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
„გაერთიანებული სამეფო მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში. ეს მოიცავს უკრაინის არმიის შემდგომ მხარდაჭერას – სადაც გაერთიანებულმა სამეფომ უკვე აიღო ვალდებულება წელიწადში 3 მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე მინიმუმ 2030 წლამდე. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას, შევიტანოთ წვლილი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე საკუთარი ჯარების განთავსებით. ამას მსუბუქად არ ვამბობ. ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურად საფრთხის წინაშე დაყენებას“, – წერს სტარმერი.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში ნებისმიერი როლი ხელს უწყობს მთელი კონტინენტის უსაფრთხოების გარანტიას.
სტარმერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულება „არ შეიძლება გახდეს მხოლოდ დროებითი პაუზა პუტინის ხელახლა თავდასხმამდე“.
შეგახსენებთ, დღეს პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მოწვევით, ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართება, რომელზედაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. სამიტს კირ სტარმერიც დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)