კირილემ პუტინს სიცოცხლის ბოლომდე მმართველობა უსურვა – მოსკოვის საპატრიარქომ ეს ნაწილი ამოჭრა

მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურმა ამოჭრა პატრიარქ კირილეს მიმართვის ის მონაკვეთი, რომელშიც ის ვლადიმირ პუტინს ხელისუფლებაში ყოფნას “საუკუნის დასასრულამდე” უსურვებს – ანუ სიცოცხლის ბოლომდე. როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, აღნიშნულ მონაკვეთს ყურადღება თეოლოგმა ნატალია ვასილევიჩმა მიაქცია.
7 მაისს პუტინის მეხუთე ვადით ინაუგურაციის შემდეგ, 7 მაისს კრემლში ს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის მონაწილეობით საზეიმო ლოცვა გაიმართა. პატრიარქმა კირილემ პუტინის მიმართა: “ღვთის კურთხევა, ზეციური დედოფლის მფარველობა იყოს თქვენთან ყოველდღიურად, როგორც ჩვენ ვამბობთ, საუკუნის ბოლომდე. თამამად ვიტყვი, ღმერთმა ქნას, საუკუნის დასასრული თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრულს ნიშნავდეს. ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რათა დიდხანს და წარმატებით აღასრულოთ ეს დიდი სამსახური სამშობლოსადმი”.
თუმცაღა ხელისუფლებაში ყოფნაზე პატრიარქის სიტყვები მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის პუბლიკაციაში ამოჭრილია. როგორც TV Rain აღნიშნავს, ფრაზა ამოჭრეს ვიდეოდანაც, რომელიც საპატრიარქოს YouTube-ზე გამოქვეყნდა.
რუსეთის კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, პუტინს ხელისუფლებაში ყოფნა 2036 წლამდე შეუძლია (თუ 2030 წელს მეექვსედ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამ დროისთვის ის უკვე 84 წლის იქნება. თვითონ პუტინს წარსულში განუცხადებია, რომ ცხოვრების ბოლომდე სათავეში ყოფნას არ აპირებს, თუმცა მისი ქმედებები ამის საპირისპიროზე მეტყველებს.