კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
მათ განცხადებაში წერია, რომ კინოფესტივალს, რომელიც დეკემბერში 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს, სუბსიდიის გარეშე ჩაშლის საფრთხე ემუქრება. ამასთან, პოსტში აღნიშნულია, რომ კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც არ დაუფარავს და კინოფესტივალის ოფიციალურ მიმართვებს არ პასუხობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით კულტურის მინისტრი და კობა ხუბუნაია არიან დაინტერესებულები, რომელიც ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მათთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას ქართველი კინემატოგრაფისტების მიერ მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოხატულ უკმაყოფილებას უკავშირებს.