უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდა, გააძლიერონ თავდაცვის სექტორში წარმოება, რათა უკრაინულ ძალებს ჰქონდეთ ის, რაც მათ რუსეთის თავდასხმასთან საბრძოლველად ესაჭიროებათ. კულება ბრიუსელში მიმდინარე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მინისტერიალს ესწრება.
29 ნოემბერს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის წინ, კულებამ ასევე თქვა, რომ „არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ დასავლეთს აკლია პოლიტიკური ნება“ წარმოების შესაძლებლობების გასაფართოებლად, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად, უზარმაზარი ტექნიკური სამუშაოა ჩასატარებელი.
კულებას თქმით, ომში სასწორზე დევს არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოება, არამედ – მთელი ევრო-ატლანტიკური რეგიონის. “არაფერი შეგვაჩერებს”, რადგან უკრაინა კვლავ ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზანზეა ორიენტირებული, ამბობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
„უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა“, – აცხადებს კულება და ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან მიმდინარე ომში “უკრაინა უკანდახევას არ აპირებს”. უკვე 21 თვეა, რაც რუსეთი აგრძელებს მეზობელ უკრაინასთან არაპროვოცირებულ, უკანონო ომს და მისი ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთი ეკონომიკური ზეწოლის წინაშეა, რაც კრემლს ჩინეთზე უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის. მას სამხედრო მიმართულებითაც უწევს წნეხის ქვეშ ყოფნა, რის გამოც ის საბრძოლო მასალისა და შეიარაღების მარაგის შესავსებად, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს ეყრდნობა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კონტრიერიშის შედეგად, კიევი რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიის 50%-ს იბრუნებს და მოსკოვს დიდ ზიანს აყენებს პერსონალის და ტექნიკის დანაკარგების მხრივ. მაგრამ, მან ასევე გააფრთხილა მინისტერიალის მონაწილეები, რომ რუსეთის შეფასება სათანადოდ უნდა მოხდეს, ვინაიდან ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავ უკრაინაში ომის წარმოების ერთგული რჩება.
„რუსეთის ეკონომიკა ომის პლატფორმაზე დგას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. „პუტინს აქვს მაღალი ტოლერანტობა მსხვერპლის მიმართ და რუსეთის მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა“.
სტოლტენბერგი მიესალმა ნატოს ზოგიერთი მოკავშირის გადაწყვეტილებას, უკრაინაში F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გაგზავნის თაობაზე. მისი თქმით, თვითმფრინავები ხელს შეუწყობს როგორც უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ისე – რუსულ სამიზნეებზე შეტევის შესაძლებლობის გაზრდას.
თუმცა, სტოლტენბერგი ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არ არსებობს ერთიანი სისტემა, რომელიც შეიძლება განლაგდეს ბრძოლის ველზე სიტუაციაში გარდატეხის შესატანად და ფრონტზე ვითარების ძირეულად შესაცვლელად. გენერალი მდივანი ხსნის, რომ რუსების უკანდახევას ბევრი სხვადასხვა სისტემის კომბინაცია დასჭირდება და შესაბამისად, მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ხანგრძლივი და რთული ბრძოლებისთვის.
დღეს, 29 ნოემბერს, უკრაინის არმიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინა ღამით რუსეთის მხრიდან ქვეყანაზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. მოსკოვმა უკრაინის მისამართით 21 დრონი (უპილოტო საფრენი აპარატი) და სამი რაკეტა გაუშვა.
კიევის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეძლო ირანული წარმოების ყველა დრონის ჩამოგდება. მათი სამიზნე დასავლეთ უკრაინაში მდებარე ხმელნიცკის რაიონის დასახლებები იყო. უკრაინის ძალებმა ასევე ჩამოაგდეს სამი რაკეტიდან ორი, მესამემ კი მიზანს ვერ მიაღწია.