კიევის რეგიონში დილიდან განგაშის სიგნალის ხმა ისმის – უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

უკრაინაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დილიდან განგაშის სიგნალის ხმა ისმის კიევის რეგიონში. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სუმის ოლქის 10 დასახლება დაიბომბა. ოკუპანტებმა შაჰედის დრონებით იერიში მიიტანეს მიკოლაევის რეგიონზე. ხანძარი გაჩნდა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საწყობებში. დაზიანდა საბავშვო ბაღი და კულტურის ცენტრი. არიან დაშავებულები.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის 59 საბრძოლო შეტაკება მოხდა. იერიშები იყო ოკუპირებულ ყირიმზეც, სადაც 2 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საახალწლო დღესასწაულების დროს, მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა,რათა მტერს მათი სულისკვეთება გაეტეხა, თუმცა შესაბამისი კომპეტენციის პირები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის დასაცავად.
მისივე თქმით, მათი დიპლომატები ყველაფერს აკეთებენ, რათა უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უზრუნველყონ.
“ამ დღეებში ჩვენი ქვეყნის ბევრ რეგიონში, სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში განხორციელდა მასიური სარაკეტო დარტყმები, მუდმივი თავდასხმები “შაჰედებით”. აშკარაა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს ლიდერები ცდილობდნენ, გამოეყენებინათ ეს საახალწლო დღესასწაულები, ამ წლის პირველი დღეები ჩვენი სულისკვეთების გასატეხად და შარშანდელი საფრთხის დასაბრუნებლად. ჩვენი ცის დამცველები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ჩვენი დიპლომატების მთელი გუნდი, ყველა, ვინც პასუხისმგებელია პარტნიორებთან კომუნიკაციაზე, უკრაინის წარმომადგენლები საზღვარგარეთ, ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების მიწოდება უკრაინისთვის. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა.
მისივე თქმით, რუსეთის ძალადობაზე ეფექტური პასუხი, უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსებისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება იქნება.
“ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი გაუშვეს. როგორც ჩანს, ეს რაკეტა ღია ველში დაეშვა ზაპის რეგიონში. 2 იანვარს რუსეთმა გაუშვა მრავალი ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში, მათ შორის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს. ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის საშინელ ძალადობაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს ჩვენი დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა უკრაინისთვის”, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს