ერთი ქალი დაშავდა წუხელ უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ უპილოტო დრონ “შაჰედების” მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, “უპილოტო საფრენი აპარატის იერიშის თაობაზე დედაქალაქში საჰაერო განგაშის ხმა დილის 4 საათზე დაიწყო და სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
“საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი ზიანი თავიდან იქნა აცილებული. დაშავებულმა ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც ხელის დამწვრობა აღენიშნებოდა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა”, – განაცხადა ტკაჩენკომ.
ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ასევე განმარტა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა კიევის გარეუბანშივე გაანადგურეს. მაგრამ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები გოლოსიევსკის და დარნიცკის რაიონებში დაეცა.
მანამდე, 3 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ კიევის დარნიცკის რაიონში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა რუსული ჯარების მიერ გაშვებული თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად.
ახალი წლის დადგომისთანავე, რუსეთმა დრონებით რამდენიმე მასირებული იერიში მიიტანა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე. უკრაინის არმიის ცნობით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა 111 დრონით, მათგან 63 ჩამოაგდეს, 46-ის ადგილმდებარეობის მონაცემი დაკარგულია. ორი დრონი რუსეთისკენ და ბელარუსისკენ გაფრინდა.
1 იანვრის დილას, რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევზე მიიტანეს იერიში. ნაწილობრივ დაინგრა პეჩერსკის რაიონის ერთ-ერთი სახლის ზედა ორი სართული, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს თქმით, დაიღუპა ორი ადამიანი.
ფორუმი