კიევზე თავდასხმის გამო გაერთიანებულ სამეფოში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს ინფორმაციას.
მედიასაშუალება წერს, რომ, როგორც მოსალოდნელია, კელინთან შეხვედრას უწყების მაღალჩინოსნები გამართავენ და არა – მინისტრები.
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 17 და დაშავდა ათობით ადამიანი. მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია.
რუსეთის იერიშის შედეგად კიევში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და საბავშვო ბაღები. ერთ-ერთი კორპუსი ნაწილობრივ დანგრეულია.
ასევე, ზიანი მიადგა უკრაინაში ევროკავშირის დელეგაციის შენობას, ბრიტანული საბჭოსა და „რადიო თავისუფლების“ ოფისებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის დედაქალაქზე იერიშის გამო ევროკავშირმა ბრიუსელში რუსეთის ელჩი გამოიძახა.