“არაფერი ახალი არ უთქვამს. კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ამ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე” – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თქმითაც, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
გიორგი ვოლსკის თქმით, არცერთი სტრუქტურა, მათ შორის, არც გამყრელიძე არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ ახლა თითქოს რამე სიახლე თქვა. არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე.
“ისინიც კი, ვინც, როგორც გამყრელიძე ამტკიცებდა, რომ დადიან ოპოზიციური ლიდერები და არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ამ თემით ჩადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში, ისინიც კი თავის მხრიდან, თავის მიერ შეთავაზებული ფორმულით, რომ თითქოსდა მთავრობას არ უნდა მიეცეს და საზოგადოება აბსოლუტურად სხვა არის ვიდრე მთავრობა, ისინიც ხელს უშლიდნენ. მნიშვნელოვანწილად მათი წვლილიც არის იმ დესტრუქციაში, რომელიც არსებობდა ოპოზიციურ ფლანგზე. არცერთი სტრუქტურა, მათ შორის, არც გამყრელიძე არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ ახლა თითქოსდა რამე სიახლე თქვა. არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე. საზოგადოება და მთავრობა არის ერთი და იგივე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აირჩია ის მთავრობა, რომელმაც 2012 წლიდან მიაღწია იმ შედეგებს, რომელიც ადრე არ ჰქონია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.