კიდევ ერთი ადამიანი, ყოფილი დეპუტატი გიორგი (გოკა) გაბაშვილი აცხადებს, რომ დაბარების მიუხედავად არ აპირებს მივიდეს “ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ამით გაბაშვილიც რისკავს წლამდე პატიმრობას, რის შესახებაც არაერთგზის დაემუქრა კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი იმ ადამიანებს, ვინც არ აპირებენ მათთან თანამშრომლობას.
“წულუკიანის ,,კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29-ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო. ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად. ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს. რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა”, – წერს გაბაშვილი.
ხვალ კომისიის მორიგი სხდომა 10:00 საათზე დაიწყება და განსახილველი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იქნება.
„ხვალინდელი სხდომის მთავარი საკვლევის საკითხი იქნება 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდი. კითხვა ისმის ასე: იყო ეს ის ომი, რომელიც თავს დაგვეცა უცბად, თუ არსებობდა მისი წინაპირობები, როგორც თითქმის ყველა ომის შემთხვევაში არსებობს ხოლმე; როგორ ვითარდებოდა მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე 2004 წლის იანვრიდან; რა მოხდა 2006 წელს და როგორ მივედით იქამდე, რასაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერიოდი ჰქვია, როდესაც არაერთი სიცოცხლე შეეწირა რუსეთთან ომს და ასევე, უფრო მეტი ტერიტორია აღმოჩნდა რუსეთის მიერ ოკუპირებული“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.
IPN-ის ცნობით კომისიის სხდომაზე ასევე დაბარებულები არიან პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი.
კომისიაში მონაწილეობაზე (“მაგნატის საქმე”) უარი უკვე თქვეს ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ. ხაზარაძის წინააღმდეგ კომისიამ ამის გამო პროკურატურას უკვე მიმართა, ხოლო ჯაფარიძის შემთხვევაში იმავეს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებენ.
სისხლის სამართლის კოდექსით, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
“სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული”, – განაცხადა წულუკიანმა.
