კიასტუტის ბუდრისი – სიტყვები და თავშეკავების ილუზიები რუსეთს ვერ შეაჩერებს, მხოლოდ ძალა, სოლიდარობა და პასუხისმგებლობა აიძულებს მას, აგრესიული ომი დაასრულოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება ე.წ. ენერგეტიკული ზავის შესახებ, ბლეფია და ის ზამთრის იარაღად გამოყენებას და უკრაინელების ტერორს აგრძელებს.
„სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარე მცდელობებისა და „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ პუტინის ბლეფის ფონზე, აგრძელებს ზამთრის იარაღად გამოყენებას – ახორციელებს რა მასშტაბურ თავდასხმა უკრაინაზე და განზრახ მიზანში იღებს სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებულ ობიექტებს“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი X-ზე.
მისი განცხადებით, ტემპერატურის ვარდნისას ადამიანების სიბნელეში გაყინვა ტერორია.
„ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე ეს სისტემატური დარტყმები საერთაშორისო სამართლის მიხედვით ომის დანაშაულს წარმოადგენს და მოჰყვეს რეალური პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ქმედებებით არა მხოლოდ შეშფოთების გამომხატველი განცხადებები. ამ თავდასხმების ბრძანების მიმცემი და შემსრულებელი პირები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგნენ“, – აცხადებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, ლიეტუვამ ცოტა ხნის წინ უკრაინას 2.4 მილიონი ევროს ღირებულების გენერატორები გადასცა და რუსეთის თავდასხმების მასშტაბები ყველასგან ძალისხმევის შესაბამის ზრდას მოითხოვს.
„სიტყვები და თავშეკავების ილუზიები რუსეთს ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ძალა, სოლიდარობა და პასუხისმგებლობა აიძულებს მას, დაასრულოს აგრესიული ომი“, – წერს კიასტუტის ბუდრისი.