კვლევა – ყოველდღიური მწეველების წილი საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში თითქმის 35%-ს შეადგენს

ყოველდღიური მწეველების წილი საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში თითქმის 35%-ს შეადგენს, – ამის შესახებ „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ ანალიტიკურ კვლევაშია ნათქვამი, სახელწოდებით: „საზოგადოების დამოკიდებულება თამბაქოს დასრულების პოლიტიკის მიმართ საქართველოში“.
როგორც კვლევის ძირითად მიგნებებშია აღნიშნული, მწეველთა შორის მამაკაცები და დედაქალაქის მაცხოვრებლები ჭარბობენ.
„საქართველოში თამბაქოს დასრულების პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულებების შესწავლის მიზნით ჩატარდა რაოდენობრივი გამოკითხვა, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, საქართველოს ზრდასრულ (18+) მოსახლეობაში. კვლევამ დაფარა საქართველოს ყველა რეგიონი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
კვლევა აჩვენებს, მონაწილეთა შორის თითქმის თანაბარია „მწეველებისა“ და „არამწეველების“ ოდენობა (თუმცა, კვლევაში გამოყენებულია „მწეველის“ უფრო ფართო გაგება, როდესაც ასეთად ჩათვლილია ის, ვისაც მთელი ცხოვრების განმავლობაში 100 ღერი სიგარეტი მაინც მოუწევია). მწეველთა შორის მამაკაცები და დედაქალაქის მაცხოვრებლები ჭარბობენ. მწეველთა უმრავლესობის (70%) გამოცდილება, ამ ეტაპზე, სიგარეტის ყოველდღიურ მოხმარებას გულისხმობს, ხოლო არამწეველების შემთხვევაში დომინანტურია სიგარეტის მოხმარების 2 წელზე დიდხნიანი წყვეტა. შესაბამისად, ყოველდღიური მწეველების წილი საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში თითქმის 35%-ს შეადგენს.
კვლევა გამოკვეთს, რომ სიგარეტის მოხმარების მიღმა, რესპონდენტთათვის იშვიათია ისეთი ალტერნატიული პროდუქტებით სარგებლობა, როგორებიცაა: ელექტრონული სიგარეტი, ჩილიმი, პატარა სიგარები ან სიგარილოები, გასახურებელი თამბაქოს პროდუქტი, ტენიანი სნაფი, სნუსი. ამ პროდუქტებს შორის უფრო აქტიურად მოხმარებადია ელექტრონული სიგარეტი და გასახურებელი თამბაქო. რამდენადაც მამაკაცები უფრო აქტიურად იყენებენ თამბაქოს ნაწარმს, ზემოაღნიშნული პროდუქტებით სარგებლობის მხრივაც, სწორედ ისინი გამოირჩევიან. ამასთან, ახალგაზრდები (18-29 წლის), სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, უფრო ხშირად მოიხმარენ ზემოაღნიშნულ პროდუქტებს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში, ალტერნატიული პროდუქტებიდან, უფრო ხშირია ჩილიმისა და პატარა სიგარების ან სიგარილოების გამოყენების პრაქტიკა. ლოგიკურია, რომ არამწეველები, ძირითადად, არც ამ ნაწარმებით სარგებლობენ“, – ნათქვამია კვლევაში.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, გამოკითხვაში მონაწილე 1300 რესპონდენტიდან 53.7% ქალია, ხოლო 46.3% – მამაკაცი.
„რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკობრივ სეგრეგაციას, მონაცემები სამ ჯგუფად გაერთიანდა: ახალგაზრდა (18-29 წწ.), საშუალო (30-54 წწ.) და უფროსი (55 წლის და მეტი) თაობები: ძირითად ნაწილს 30-54 წლის პირები წარმოადგენენ (45.6%), მესამედზე მეტი (34.4%) – 55 წლის ან მეტი ასაკის ჯგუფში ერთიანდება. რესპონდენტთა მეხუთედს (20%) უტოლდება 18-29 წლის ახალგაზრდების წილი.
კვლევამ მოიცვა საქართველოს 11-ვე რეგიონის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) სრულწლოვანი მოსახლეობა. თავდაპირველად კვლევაში ჩაერთო 1428 რესპონდენტი; თუმცა, კითხვარის დასაწყისში მოცემული ფილტრი შეკითხვის საფუძველზე კითხვარი სრულად გაირა და შინაარსობრივ საკითხებს უპასუხა 1300-მა რესპონდენტმა“,- აღნიშნულია კვლევაში.
აღნიშნული კვლევა 2024 წლის ოქტომბერში, „სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა“, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფონდის მხარდაჭერითა და ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარა.