ჭიათურელი მაღაროელები ხვალ, 6 აპრილს საპროტესტო აქციის ჩატარებას საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გეგმავენ. ისინი უკვე 37 დღეა ითხოვენ კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვას კომპანია “ჯორჯიან მანგანეზისგან”. მაღაროელები ამბობენ, რომ კომპანიას მათი 3 თვის ხელფასის ოდენობის დავალიანება აქვს
როგორც საპროტესტო მოძრაობის ფეისბუქგვერდიდან ირკვევა, მათ ნაწილს გუშინ ჩაერიცხა ერთი თვის ხელფასი. დღეს, ლიბერთი ბანკში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ თანხა სრულად ჩამოაჭრა ბანკმა სესხისა და იმ დავალიანებების გამო, რომლებიც უხელფასოდ ყოფნის პერიოდში დაუგროვდათ.
ბანკთან შეკრებილმა ათობით ჭიათურელმა ვერ შეძლო იმ ხელფასის აღება, რომელთა დარიცხვასაც უკვე თვეებია ითხოვენ. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მათ საპროტესტო აქციის ჭორვილაში გამართვა.
“მივდივარ ხვალ ჭორვილაში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ იქ არ მივდივართ რამე რადიკალური ქმედების ჩასადებად. იქ იქნება ისეთი საპროტესტო აქცია, როგორიც ამ ხნის განმავლობაში ჭიათურაში ტარდება, თბილისში ჩატარდა მთავრობის კანცელარიასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან ჩატარდა […] ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ კანონის ფარგლებში მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას. ხმა მივაწვდინოთ, რომ გვიშველოს ვინმემ. უკვე 37-ე დღე ღამდება, რაც ჭიათურა არის ქუჩაში. ჭიათურას შია. არ აქვს საარსებოდ არაფერი. არ დარიგებულა ხელფასები უკვე 3 თვეა. წუხელ დაიწყო თითქოს ერთი თვის ხელფასის გაცემა, მაგრამ ლიბერთი ბანკმა ვეშაპივით ჩაყლაპა ყველა დარიცხული ხელფასი. ხალხი დარჩა ყოველგვარი ნუგეშის და იმედის გარეშე. აქამდე ჰქონდათ იმედი, რომ ხელფასი დაირიცხებოდა. ახლა ამის იმედიც აღარ აქვთ, რადგან უკვე დაირიცხა და ეგრევე ბანკმა წაიღო მთიანად. ამიტომ, ვრჩებით ერთმანეთის იმედად”, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ, ერთ-ერთმა მაღაროელმა.
უწყვეტი საპროტესტო აქციები ჭიათურაში მიმდინარეობს. თუმცა, მაღაროებელი რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში იყვნენ და აქციები გამართეს მთავრობის კანცელარიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან. ისინი მოითხოვდნენ სამმხრივი კომისიის შექმნას, რომელშიც მონაწილეობას თავადაც მიიღებენ და რომელიც იმსჯელებს მაღაროების სამომავლო მუშაობის პერსპექტივებზე. გარდა ამისა, მაღაროელთა მოთხოვნაა სახელმწიფოს მხარდაჭერა მათი ოჯახების ბაზისური საჭიროებებით დაკმაყოფილებაში, მათ შორის საკვებით უზრუნველყოფაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჭიათურის მოსახლეობის 60.6 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, რაც იმერეთის რეგიონის საშუალო მონაცემს – 41.2 %-ს, მკვეთრად აღემატება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი – 33.6 %, საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ, იმერეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
· შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
· გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
· როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
· ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
· მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
· გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.
· SJC სახელმწიფოს მოუწოდებს, გამოყოს ფინანსები მაღაროელთა ოჯახების მხარდასაჭერად
