კვარაცხელია 7.9 ქულით პორტუგალიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშეა – Sofascore

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩში პირველი გოლი მ გაიტანა. მეორე გოლი კი 57-ე წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა.
UEFA-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 7.9 ქულით შეაფასა. 7.8-აა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის – გიორგი მამარდაშვილის შეფასება, 7.4 – მიქაუტაძის.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ჩეხეთთან საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტუგალიასთან გამარჯვებით „ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა“.
„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული, ალბათ, არასდროს არ ვყოფილვარ. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი ბედნიერი იქნება საქართველოში. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ.
უდიდეს მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს. საოცარი გულშემატკივრობა იყო. ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ყველამ ნახეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
საქართველოს გამარჯვებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიო პრესაში, New York Times-მა წუხელ სტატია გამოაქვეყნა სათაურით – „საქართველომ პორტუგალია შოკში ჩააგდო“;
BBC წერს, რომ „საქართველომ ისტორია დაწერა და ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან გამარჯვებით პირველ მსხვილ სატურნირო ეტაპს მიაღწია“.
„ქვეყნის ისტორიაში პირველ დიდ ტურნირზე ასპარეზობისას, საქართველომ ევრო 2024-ზე გულშემატკივრების გული დაიპყრო თავისი უშიშრობითა და მაღალი ინტენსივობის ფეხბურთით“, – წერს CNN.

ასევე დაგაინტერესებთ