იტალიური მედია აღნიშნავს, რომ “მილანთან” სტუმრად წაგებულ მატჩში (0:1) “ნაპოლის” ერთადერთი ნათელი წერტილი ხვიჩა კვარაცხელია იყო, “ინტერში” გადასავლელად გამზადებულმა პიოტრ ზილენსკიმ კი ყველაზე უარესად ითამაშა. თუ ამას საერთოდ თამაში ჰქვია.
Calciomercato-ს ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მარცხის გამო უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მწვრთნელის ვალტერ მაცარის გადაყენებას არ აპირებს, ვინაიდან სერია A-ში მომავალ სამ შეხვედრაში შედარებით იოლ მეტოქეებთან გამარჯვების მოპოვების და ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ძლევის იმედი აქვს.
ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელსაც კლუბთან დაახლოებულ პიროვნებად მოიხსენიებენ და ფაქტიურად ყოველთვის დე ლაურენტისის პოზიციას ახმოვანებს,
თქვა, რომ მაცარის გარისკვის ეშინია, მატჩისას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია, ამის გარეშე კი გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა რთულია.
თავად მაცარის აზრით, თუ არ ჩავთვლით გაშვებული გოლისას დაშვებულ შეცდომას, მისი შეგირდები ურიგოდ არ გაისარჯენ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე ადგილზე მყოფ “ატალანტას” 7 ქულით ჩამორჩებიან, მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.
აფრიკის თასის ფინალში დამარცხებისა და კოჭ-წვივის მიღებული ტრავმის გამო იმედგაცრუებული
თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ნეაპოლში ოთხშაბთს დაბრუნდება და თუ შეძლო, ხუთშაბათს ვარჯიშს დაიწყებს.
calcionapoli24 იტყობინება, რომ ოსიმენის ნიგერიის ნაკრების კოტ-დ’ივუართან წაგებამ ნეპოლელი გულშემტკივრები გაახარა.
“რეპუბლიკას” მტკიცებით, ვიქტორი ამ სეზონს “ნაპოლიში” დაასრულებს, ხოლო ზაფხულში პსჟ 120 მილიონად გამოისყიდის, სადაც კილიან მბაპეს შეცვლის. პარიზული კლუბი აგრეთვე “როსონერის” შემტევის რაფაელ ლეაო შეძენას გეგმავს.