ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში კარლო ანჩელოტი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. მადრიდის “რეალი” უკვე მერვედფინალშია და ამასთან შორს არც “ნაპოლი” იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოთხშაბათის გვიან საღამოს, ჩვენი დროით 23:59 საათზე ითამაშებენ.
“სამეფო კლუბს” საკუთარ მოედანზე აპრილის შემდეგ არ წაუგია და ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან რვაში გაიმარჯვა. 9 შეხვედრაა, “ლოს ბლანკოსი” იტალიურ კლუბებთან არ მარცხდება, მათ შორისაა 3 ოქტომბრის გამარჯვება (3:2) “სტადიო მარადონაზე”. ანჩელოტის გუნდი დაცვაში შესანიშნავია და ეს იმ ფონზე, როცა მეკარე კურტუა და მილიტაო ტრავმირებული არიან.
ნეაპოლელთა ძველ-ახალი მწვრთნელი ვალტერ მაცარი მადრიდის “რეალს” კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მადრიდელებს არაერთი დანაკლისი აქვთ და როტაცია გარდაუვალია. ტრავმირებულების – ვინისიუსის, კამავინგასა და ჩუამენის სიას, ლუკა მოდრიჩიც შეემატა. ბელინგემი და როდრიგო თავს კარგად გრძნობენ. ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა მარვხენა მცველია. იქნებ ახლა საუკეთესო დროა, “კვარამ” და მისმა თანაგუნდელებმა “ბერნაბეუზე” გამარჯვებაზე იფიქრონ!..
სავარაუდო შემადგენლობები:
“რეალი”: ლუნინი – ვასკესი, რუდიგერი, ალაბა, ნაჩო – ვალვერდე, კროოსი, ბ. დიასი – ბელინგემი – როდრიგო, ხოსელუ.
“ნაპოლი”: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, ჟესუსი – ლობოტკა, ანგისა, ზელინსკი – პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი).