„კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე მნიშვნელოვანი გამოწვევებია“ – IT სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა

IT სექტორში დასაქმებულების რაოდენობამ 2023 წელს 30.2 ათასი ადამიანი შეადგინა, როცა დარგი 2021 წელს 5000-მდე ადამიანს ასაქმებდა. ამის შესახებ კვლევას Galt&Taggart აქვეყნებს.
„საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი (ICT) საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია 2022 წლიდან, რაც ძირითადად IT მიმართულებითაა განპირობებული. დარგი ექსპორტზეა ორიენტირებული, რომლის მოცულობამ 2023 წელს $892 მლნ შეადგინა. ზრდის პოტენციალი მაღალია, რასაც მათ შორის ერთ სულ მოსახლეზე ექსპორტის შედარება მიანიშნებს. 2023 წელს საქართველოდან ICT ექსპორტი 1 სულ მოსახლეზე $243 იყო, რაც ჩამორჩება როგორც სომხეთის ($362), ისე ევროკავშირის ქვეყნების (პორტუგალია $442, ხორვატია $478, სლოვენია $521, ლიეტუვა $818) მაჩვენებლებს“, – ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება სპეციალობის პოპულარობას, კვლევის თანახმად:
· IT პროგრამებზე ჩარიცხვები მზარდია, კოვიდ პანდემიის პერიოდში დროებითი შემცირების შემდეგ;
· ყოველწლიურად საშუალოდ 3,000-ზე მეტი სტუდენტი აბარებს IT ფაკულტეტზე და 2023/24 სასწავლო წლის მდგომარეობით IT პროგრამებზე 11,122 სტუდენტი სწავლობს;
· საქართველოში IT პროგრამები 21 უნივერსიტეტში ისწავლება. დარგის დინამიკიდან გამომდინარე, აუცილებელია სასწავლო პროგრამებისა და კურსების რაოდენობის ზრდა;
· 2023 წელს პროგრამისტის პოზიციაზე 4,000-მდე ვაკანსია გამოცხადდა და მოთხოვნა დინამიკაში მზარდია;
რაც შეეხება ამ სფეროში ხელფასს, საშუალო ხელფასი 2023 წელს 6,940 ლარია, რაც გაორმაგებულია 2021 წელთან შედარებით.
„სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევებია კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა (რაც საერთაშორისო ინდექსებშიც ჩანს) და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე. ასევე კადრების შესაძლო გადინება როგორც მიგრანტების, ისე ადგილობრივი სპეციალიტების სახით“, – ნათქვამია კვლევაში.

ასევე დაგაინტერესებთ