კენიიდან გადმორგული ბაობაბის ხეები გახმა – დენდროლოგიური ამას „ნაციონალურ მოძრაობას“ აბრალებს

ბიძინა ივანიშვილს დენდროლოგიურ პარკში კენიიდან გადარგული ბაობაბის რვავე ხე გახმა. ინფორმაციას თავად დენდროლოგიური პარკი ავრცელებს და ამას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის „კონტროლირებადი მედიას“ აბრალებს.
„ნაცმოძრაობის სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად“, – წერია პარკის განცხადებაში.
პარკის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ამ მიზეზით ხეების გადმორგვა დროში გაიწელა და 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, „ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების“ გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მიაღწია საქართველომდე. მისი ჩარგვა 8 ნოემბერს შეძლეს:
„იქამდე კი აფრიკელ „გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა“.
დენდროლოგიურ პარკში აღნიშავენ, რომ ბაობაბის ხეები საქართველოში ადრეც გადმორგულა და „პროცესი ადექვატურ ვადებში წარიმართა, შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა“.
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პარკი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ვიზტორებისთვის უფასოა.
დენდროლოგიურ პარკში სხვადასხვა ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი ხეებია გადმორგული და ბინადრობენ სხვადასხვა სახეობის ფრინველები.
სწორედ ამ პარკში გადმოსარგავად იყიდეს კენიაში ბაობაბის ხეები 2021 წელს. 2022 წლის წლის ნოემბერში კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენიის ხელისუფლებამ შეაჩერა ლიცენზიის მოქმედება, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებას და ექსპორტს ითვალისწინებდა.
მაშინ კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სასწრაფო გამოძიების ჩატარების ბრძანებაც გასცა მომხდართან დაკავშირებულ განცხადებებზე, რომ ხეების ამოთხრის ნებართვა ეწინააღმდეგება მთავრობის პროგრამას, კენიაში მომდევნოს 10 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ხის დარგვის შესახებ.
2023 წლის თებერვალში კენიის ხელისუფლებამ დაუშვა საქართველოში ბაობაბების ექსპორტი.
ფორუმი