კენიაში პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია 5 ადამიანი

კენიაში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც, სულ მცირე, 5 აქციის მონაწილე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კენიის დედაქალაქში, ნაირობიში გადასახადების გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულმა დემონსტრანტებმა საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯერ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა.
ამის შემდეგ სამართალდამცველებმა დეპუტატების პარლამენტის შენობა მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით დაატოვებინეს.
კენიის პრეზიდენტმა, უილიამ რუტომ სატელევიზიო მიმართვაში აღნიშნა, რომ გადასახადების შესახებ დებატები “საშიშმა ადამიანებმა ჩაშალეს”.
“დაუშვებელია, რომ კრიმინალებმა, რომლებიც თავს მშვიდობიან დემონსტრანტებად ასაღებენ, მოაწყონ ტერორი ადამიანების წინააღმდეგ”. – თქვა რუტომ.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციებზე უსაფრთხოების დაცვა მისი “უმაღლესი პრიორიტეტი” იყო.
კენიის პარლამენტმა გადასახადების შესახებ კანონპროექტში ინიცირებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, თუმცა, ამოიღო ინიციატივა, რომელიც ავტომობილის ფლობაზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ახალმა კანონმა ქვეყნის ბიუჯეტს გადასახადების სახით დამატებით 2.7 მილიარდი დოლარი უნდა მოუტანოს და ეს ძალისხმევა მიმართულია საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო სესხის შესამცირებლად.