კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია ბრალდებას ნაწილობრივ აღიარებენ. მათი თქმით, ყურადღების გადატანას ცდილობდნენ, რომ გამოსახლების პროცესი შეეჩერებინათ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ბრალდება 3-დან და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
23 იანვარს ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პარალელურად, კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ და აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. შსს-ს ცნობით, 20 პირი დააკავეს, 18 ადმინისტრაციული წესით, 2 კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს.