„კეიპტაუნის შეთანხმებასთან“ მიერთება სალიზინგო პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს – ავიაციის ექსპერტი

ავიაციის სფეროში, “საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“(კეიპტაუნის შეთანხმება) საქართველოს შეერთების თაობაზე პარლამენტმა დადგენილება 2007 წელს მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ კეიპტაუნის კონვენციას ქვეყანა მიუერთდეს, პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირებაა საჭირო, რაც ამ დრომდე არ მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ იმის გამო, რომ საქართველო ჯერ კიდევ არ არის მიერთებული საერთაშორისო კონვენციას, რომელიც სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში სალიზინგო კომპანიების უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, ავიაკომპანიებს თვითმფრინავების ლიზინგით მიღება უჭირთ.
ავიაციის ექსპერტის იასე ზაუტაშვილის შეფასებით, ლიზინგისთვის მთავარი არა ცალკეულ კონვენციებთან მიერთება, არამედ ავიაკომპანიის კაპიტალი და მისი ისტორიაა. რაც შეეხება კონვენციის რატიფიცირებას, ავიაციის ექსპერტი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ამაში ცუდი არაფერია, თუმცა, ვერც საგრძნობ ცვლილებას მოიტანს.
„კეიპტაუნის კონვენციასთან“ მიერთების კანონპროექტი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჯერჯერობით, პარლამენტში არ განხილულა. უცნაურია, რატომ უკავშირდება ამ კონვენციასთან მიუერთებლობა ლიზინგის პრობლემას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისიც“, „ამექსიც“ და სხვებიც ლიზინგით იყვანენ ბოინგებს და ამასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ შეჰქმნიათ. 2024 წელსაც აიყვანეს კიდევ ერთი თვითმფრინავი „ჯორჯიან ეარვეისმა“ ამიტომ უცნობია, რა სირთულეები აქვთ.
ამ ხელშეკრულებასთან მიერთება მნიშვნელოვნად გაამარტივებს სალიზინგო პროცედურებს, თუმცა სალიზინგო კომპანიები როგორც წესი, ხელმძღვანელობენ რამდენად სტაბილურია, რამდენად ფინანსურად მდგრადია და რამდენხნიანი ისტორია აქვს ავიაკომპანიას.
ზოგადად, ახალ ავიაკომპანიებთან სხვა, უფრო მკაცრი მიდგომები აქვთ და შეიძლება მოსთხოვონ მეტი დეპოზიტის დადება. 20 წელზე მეტია, ქართული ავიაკომპანიები თვითმფრინავებს ლიზინგის წესით ყიდულობენ. არსებობს გრძელვადიანი და გამოსყიდვის უფლების მქონე ლიზინგი და როგორც წესი, თვითმფრინავში ერთიანად 30 და 40 მილიონს ერთიანად არ იხდიან.
ჩვენ ამ მხრივ ძირითადად ირლანდიური კომპანიები გვემსახურებიან. ეს დიდი ბოინგები ძირითადად ლონდონის საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიებში იზღვევა.
რაც შეეხება გარანტიებს, სახელმწიფო გარანტად კერძო ავიაკომპანიას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაუდგება. გარანტია არის მხოლოდ კერძო კაპიტალი და შესაბამისად, ლიზინგის გადახდა-არგადახდაზე პასუხისმგებელი მთლიანად ავიაკომპანიაა, რომლის რისკების შეფასებასაც თავად სალიზინგო კომპანია წყვეტს.
ამიტომაც, გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ხელშეკრულებასთან მიერთება ხელს შეუშლის ან დაეხმარება ავიაკომპანიებს ლიზინგით თვითმფრინავების აყვანაში. თუ კომპანიებს სტაბილური ბრუნვა და კარგი ისტორია ექნებათ, ლიზინგზე ხელი არ შეეშლებათ”,- აღნიშნა ავიაციის ექსპერტმა, იასე ზაუტაშვილმა “კომერსანტთან” ინტერვიუში.