კახა ჯაფარიძე: უბრალოდ ღირსების აყრა და საკუთარი გმირების შეურაცხყოფაა, როდესაც აგვისტოსა და აფხაზეთის ომში ნაომარი, სისხლში გასვრილი რუსი სამხედროები ჩამოდიან საქართველოში და ისვენებენ

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე: 
რუსეთში კრიზისი ეტაპობრივად უფრო გაღრმავდება და აუცილებლად შეეხება იქაური საზოგადოების სოციალური ფენის ყველა განშტოებას.
საქართველოს შემთხვევაში საზღვრის კონტროლი სასიცოცხლოდ საყურადღებოა. ეს მხოლოდ ახლა კი არ არის საყურადღებო, 2022 წლიდან უნდა ყოფილიყო ჩვენი პრიორიტეტი. ვინაიდან, კრიზისის ფონზე, რუსეთში კაპიტალის მქონე ხალხი გამალებით ეძებს მისთვის ხელსაყრელ (სანქციებისგან თავისუფალ) შავ ხვრელებს, სადაც დააბანდებენ საეჭვო წარმოშობის თანხას და იცხოვრებენ მეტ-ნაკლებად მშვიდად.
გავიხსენოთ თუნდაც პაველ დუროვის (ტელეგრამის დამფუძნებლის) ცოტა ხნის წინანდელი ვიზიტი. პაველს ევროპულმა მართლმსაჯულებამ ბრალდებები (მათ შორის, ფულის გათეთრებასა და კრიმინალის ხელშეწყობაზე) წაუყენა, მისი კაპიტალი დასავლეთში სრულად საეჭვოა, ირაკლი კობახიძემ სიხარულით მიიღო და წარმატებულ მეწარმედ შერაცხა. ეს ღია მესიჯად უნდა ჩავთვალოთ რუსული კაპიტალისთვის.
ნებისმიერი გონიერი და ეროვნული ხელისუფლება, ასეთ რეგიონულ ვითარებაში შეზღუდავდა რუსეთიდან მიგრაციას. ეს შეზღუდვები არ ნიშნავს მაინცდამაინც საზღვრის ფიზიკურ დაკეტვას, ეს უფრო უნდა მოხდეს ბიუროკრატიული ფილტრების გართულებით.
კონკრეტულად;
1.ნებისმიერი რუსეთის მოქალაქე, საზღვრის კვეთისას, წერილობით (ოფიციალურ დოკუმენტზე) უნდა აწერდეს ხელს, რომ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს რუსეთს ოკუპანტად. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს უკვე საქართველოში მყოფებზეც.
2.ქართველებო, უბრალოდ ღირსების აყრა და საკუთარი გმირების შეურაცხყოფაა, როდესაც აგვისტოსა და აფხაზეთის ომში ნაომარი, სისხლში გასვრილი რუსი სამხედროები ჩამოდიან საქართველოში და ისვენებენ. უნდა არსებობდეს მყარი ბაზა და მათი იდენტიფიცირების
შემთხვევაში, საზღვარზევე უნდა ხდებოდეს მათი უპირობო დეპორტაცია.
3.სუს-ი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) სტუდენტებს კი არ უნდა დასდევდეს, არამედ ჩართული უნდა იყოს რუსული მიგრაციის კონტროლში. უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა, რათა სახელმწიფომ
იცოდეს ვინ შემოდის, რას საქმიანობს და რა მიზნით ყიდულობს ქონებას საქართველოში.
ამ მოთხოვნებისა და ფიზიკური ბარიერების გარეშე, ნებისმიერი აბსტრაქტული ლოზუნგი „დეკოლონიზაციაზე“ უბრალოდ განწირულია და წყლის ნაყვაა.
იმ ფონზე, როდესაც რუსეთში ახლა მეტად ღრმავდება კრიზისი ადგილობრივი ბიზნესმენები, ოლიგარქები თუ ჩინოვნიკები ნამდვილად მოისურვებენ კაპიტალის გატანას ქვეყნიდან. და თუ გამოიცნობთ, სად იქნება მათთვის ყველაზე კომფორტული გარემო? და ვის
აწყობს ჩვენს ქვეყანაში ამ შავი ფულის შემოტანა?