კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს
დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 113 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად. ეს ამ მოკლე პერიოდისთვის ძალიან დიდი თანხაა.
რატომ ველოდები ლარის გაუფასურებას? საქართველოს ფინანსური სისტემა ინტეგრირებულია დასავლურ ფინანსურ სისტემასთან, პრაქტიკულად, მის ნაწილს წარმოადგენს. მმართველმა პარტიამ ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა დასავლეთს და ეს ომი ეხება ყველა სფეროს, მათ შორის, ფინანსურს. გამოდის, დასავლეთისთვის ომის გამოცხადებით, „ოცნება“ ომს უცხადებს დასავლურ და ამით საკუთარი ქვეყნის საფინანსო სისტემას. ეს ყველაფერი იწვევს ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას და მომავალში დაბრკოლებებს შეუქმნის მის შემოდინებას.
არჩევნების გაყალბების და „ოცნების“ მიერ ხელისუფლების უკანონოდ მითვისების პირობებში, ლარის კურსი იქნება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი. ერთი დოლარი შეიძლება გახდეს 5 ლარი, 30 ლარი, 90 ლარიც და შესაძლოა, „გაკუპონდეს“ კიდეც. ლარის კურსი პირდაპირაა დამოკიდებული „ოცნების“ ქმედებებზე – დარჩებიან ხელისუფლებაში ?! ახლანდელი 500-ლარიანი პენსია დოლარში შეიძლება 6 ან 7 დოლარი გახდეს, ან 2027 წელს 3 500-ლარიანი ხელფასის რეალური ღირებულება 100-150 დოლარი იყოს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატონი ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობას. შეგახსენებთ, ასე იყო ადრეც, როცა საჩხერელ ფერმერებს მიუწოდა, პირადი ბანკირი აიყვანეთო.
არავის შეშინება არ მინდა, მაგრამ მინდა, ყველა დავაფიქრო – თუ „ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან საბოოლოდ გაფუჭდება , ქართველი ხალხის შემოსავლები და ხელფასები ლარში სასტიკად გაუფასურდება.
26 ოქტომბერს შევცვალოთ ეს ხელისუფლება!“ – წერია განცხადებაში.
NS