– 30 წელია ნატო-ში წევრობას ვითხოვთ და არაფერი კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა – მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს 2008 წელს ან უკრაინაში მოხდა – დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს

უკვე 30 წელია, ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
კალაძის თქმით, ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორებიც საქართველო, და მოლდოვა არიან.
„წევრობას რაც შეეხება, უკვე 30 წელია ვითხოვთ ნატო-ში წევრობას და არაფერი არ კეთდება ამასთან დაკავშირებით, არათუ არ კეთდება, ნაბიჯიც არ გადადგმულა. არის სულ რაღაც განმარტებები, ხან MAP-ია, ხან რაღაც, არანაირი კონკრეტიკა. გავიხსენოთ უკრაინის მაგალითი, უკრაინასთან დაკავშირებითაც იგივე ხდებოდა – ეუბნებოდნენ, რომ ნატო-ში დღეს თუ ხვალ უნდა გაწევრიანებულიყვნენ. ხშირად ხდება ისეთი ქვეყნებით სპეკულირება, როგორიც არის საქართველო, როგორიც არის , მოლდოვა და ა.შ. რომ თავიანთი ინტერესები გაატარონ. მათი ინტერესების გატარებას ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ უნდა შევწიროთ, როგორც ეს მაგალითად 2008 წელს მოხდა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა, კარგი მაგალითია- თქო როგორ ვთქვა, იმ უბედურებას, რაც იქ ხდება, მტერს არ ვუსურვებ. განსაკუთრებით დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს, ვიღაცამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები სათავისოდ არ გამოიყენოს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მარკ რუტემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიამიტი არაა.
კითხვაზე, საქართველო კვლავ ასპირანტი ქვეყანაა თუ არა, მარკ რუტემ უპასუხა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ნატო-ს წევრობა სურს, შეუძლია სურვილი გამოხატოს და შემდეგ პროცესი იწყება“.
„რა თქმა უნდა, მიამიტი არ ვარ იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ. ჩვენ ამის შესახებ ქართველებს ნათლად ვაცნობეთ,“ – განაცხადა მარკ რუტემ.