ჯარიმებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე: პრაქტიკიდან გამომდინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება

პრაქტიკიდან გამომდინარე მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. არავის დაჯარიმება ჩვენ არ გვიხარია, თუმცა არსებობს კანონი, წესები და ყველა უნდა დავემორჩილოთ მათ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯარიმებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრისას.

მისივე თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, რომ ადამიანები, ვინც არღვევდნენ კანონს, არ იბარებდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან დაწერილ ჯარიმებს და ვერ ხდებოდა აღსრულება.

„აღნიშნული საკითხი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, პრობლემას იწვევდა კანონმორჩილ მოქალაქეებშიც. პარლამენტის ჩართულობით, მივიღეთ საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჯარიმა, რომელიც გამოიწერება, თუ სამართალდამრღვევი მას არ ჩააბარებს, ჩვენს შესაბამის ვებ-გვერდზე გამოვაქვეყნებთ და 30-ე დღეს აღნიშნული ჯარიმა შევა ძალაში და შეგვეძლება დაჯარიმება. არავის დაჯარიმება არ გვიხარია, მთავარია ყველამ დავიცვათ წესრიგი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.