დღეს შეიძლება დაშლილი არიან, თუმცა ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით საიდან, როგორ იმართებიან, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის და ნიკა მელია სტრატეგიულად პარტნიორები იქნებიან.
კალაძის თქმით, ხაზარაძე და მელია დაშორებულიც არასდროს ყოფილან და ერთ გუნდს წარმოადგენდნენ.
„ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან და როგორ იქნება და ვინ სად გააგრძელებს მოღვაწეობას, ისინი არასდროს ყოფილან დაშორებული, ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და „ნაციონალური მოძრაობის” ფარქვეშ იყვნენ გაერთიანებული. დღეს შეიძლება დაშლილი არიან, თუმცა ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით საიდან და როგორ იმართებიან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ისინი ამ ქვეყნის ინტერესებს არ ატარებენ, მათ სხვა ინტერესები აქვთ – არა ქვეყნის და არა სამშობლოსი. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს და 2024 წლის არჩევნებზე ყველას მიუჩენს შესაბამის ადგილს”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ახალი ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას გეგმავს, პარტია “ლელოს“ „სტრატეგიული პარტნიორი“ იქნება.
„არანაირი მსგავსი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა, მე და ნიკას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ერთ რამეს გიდასტურებთ, რომ მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. ეს როგორ იქნება, ამას პირველ რიგში ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა რა გვაქვს? ამოცანა გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა”, – თქვა ხაზარაძემ.