შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომ ყველაფერი შეიფუთოს მხოლოდ პირბადეებისა და სათვალეების შესყიდვით, მაგრამ არ გამოვა, სხვა რეალობაა – ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების დაფინანსება – ეს ყველაფერი გარედან ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით მოდიოდა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძის განცხადებითვე, „სამწუხაროდ, საქართველოში არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი ჩვეულებრივ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ“.
„შესაძლოა, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, რომ ეს ყველაფერი შეიფუთოს მხოლოდ პირბადეებისა და სათვალეების შესყიდვით, მაგრამ არ გამოვა, სხვა რეალობაა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა, ექსტრემიზმის დაფინანსება, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების დაფინანსება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გარედან ზუსტად ამ ორგანიზაციების გავლით მოდიოდა. ეს ყველაფერი იფუთებოდა არასამთავრობოებით. ყველაფერი ხელის გულზე დევს. სხვათა შორის, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ძალიან ბევრი ქილიკობდა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი თავადვე გამოვიდა და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა. პირდაპირ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ხდებოდა წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით რევოლუციის და სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის მცდელობები.
მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ გვყავს არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს უბრალოდ შეფუთულია ამ დასახელებით და ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართული. პოლიტიკური პარტია არ ჰქვიათ, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. თანხები, რომლებიც შემოდიოდა ქვეყანაში, ზუსტად მათი გავლით ხმარდებოდა ქართულ პოლიტიკას – იხარჯებოდა ქართულ პოლიტიკაში, ტელევიზიებში, ხმარდებოდა საზოგადოების დაპირისპირებას, გახლეჩის მცდელობას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის დაფინანსებას. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და ნებისმიერ ქვეყანაში ასეთ ფაქტებს მოჰყვებოდა რეაგირება.
დაველოდოთ გამოძიებას, მე არ მინდა წინასწარ მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო, თუმცა მინიშნებები რაზეც კეთდება და რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
