ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც მოაქვს გრძელვადიანი მშვიდობა ქვეყანაში. თავის მხრივ, მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობა, წინსვლა, აღმშენებლობა, განვითარება,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის რეიტინგებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად რამდენიმე ევროპელი ბიუროკრატის შეურაცხყოფის, მუქარისა და ცილისწამებისა, საქართველო ვითარდება და წინ მიდის.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც მოაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში. თავის მხრივ, მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური კეთილდღეობა, წინსვლა, აღმშენებლობა, განვითარება. ეს პროცესი არის შეუქცევადი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში შევინარჩუნოთ გრძელვადიანი მშვიდობა. შედარებები გავაკეთოთ, მაგალითად, ევროპის ქვეყნებთან, ვის როგორი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს ძალიან მაგარია, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატი შეურაცხყოფას აყენებს ქვეყანას, დაკავებულია მუქარებით, ცილისწამებით, ტყუილებით, ქვეყანა ვითარდება და წინ მიდის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახალი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა სტაბილურ ზრდას შეინარჩუნებს. აზიის განვითარების პროგნოზის 2025 წლის სექტემბრის ანგარიში, ADB-ის მთავარი ყოველწლიური ეკონომიკური პუბლიკაცია, პროგნოზირებს, რომ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წელს 7.0%-ით გაიზრდება, აპრილში პროგნოზირებული 6.0%-ის ნაცვლად, ხოლო 2026 წელს ზრდა 5.0%-ზე შენარჩუნდება.
