კახა კალაძე: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერლაური მდივანი, ამბობს, რომ ხელისუფლებისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გზავილები ერთმანეთს ემთხვევა ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. ასე გამოეხმაურა მერი ფეხბურთელების განცხადებებს, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის განხილვის პარალელურად ვრცელდება.
„პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში. ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ“, – აცხადებს თბილისის მერი, რომელიც წლების წინ საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი იყო.
„ფეისბუკში“ ამ პოსტმა გამოქვეყნებიდან 20 წუთში 4,2 ათასი რეაქცია გააროვა, მათი უმრავლესობა 2,5 ათასი – HaHa რეაქციაა, 2,2 ათასი კი „მოწონება“.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ერთმანეთის მიყოლებით ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტები გამოქვეყნეს. ეს პოსტები დროში დაემთხვა ე.წ. აგენტების კანონის განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.
13 თვით ადრე, კი 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაიკლ კარპენტერი – შეუძლებელია, საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძოს ევროატლანტიკური გზა კანონების მიღების ფონზე, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას – ეს ორი რამ თავსებადი არ არის – გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ