კახა კალაძე – საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს და ვინ დააკავონ – საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია

საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, დააკავონ და ასე შემდეგ – საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
აღნიშნულით მან, ევროპარლამენტარის, ლარს პატრიკის განცხადება შეაფასა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებმა გამოავლინონ პატივისცემა ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა, ვიღაც ევროპარლამენტარმა გააკეთოს რაღაც მოწოდებები და მითითებები, თუ ვინ უნდა გათავისუფლდეს, დააკავონ და ასე შემდეგ. საქართველო არ არის რომელიღაც ქვეყნის გუბერნია, საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, საქართველოს საკუთარი კონსტიტუცია აქვს და კანონები მოქმედებს ამის შესაბამისად“,- აღნიშნა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ რას ითხოვს ევროპარლამენტარი. მისივე თქმით, კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეში სამჯერ კვდებოდა.
„ჰუმანიტარულ ტვირთს ითხოვს, თუ რა უნდა ვერ გავიგე? პოლიტიკური სპეკულაციებია. გახსოვთ, მთელი კამპანია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეში სამჯერ კვდებოდა. ყველამ უნდა გამოავლინოს პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ. საქართველო არ არის ის ქვეყანა, ვიღაცამ თავში რომ წამოარტყას, მითითებები მისცეს და ასე შემდეგ. ყველაფერს ვაკეთებთ, რეფორმები, წინ გადასადგმელი ნაბიჯები გვაქვს და ყველაფერი კეთდება, რათა გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ეს დამოკიდებულებები, განცხადებები, როდესაც თეთრზე შავს გეუბნებიან, როდესაც გიმტკიცებენ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი დემოკრატიის შუქურა იყო, ეს ყველაფერი აზიანებს ურთიერთობებს, რაც ძალიან ცუდია“,- აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, „ფორმულას“ ცნობით, ევროპარლამენტარი ლარს პატრიკ ბერგი მათთან საუბრისას აცხადებს, რომ მართლმსაჯულების პროცესი საქართველოს შიდა საკითხია, თუმცა ის ჰუმანიტარული თანაგრძნობის საშუალებას უნდა იძლეოდეს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ლარს პატრიკ ბერგი აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის კენჭისყრამ გამოხატა წუხილი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო