კახა კალაძე: სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც „თბილისის განვითარების ფონდი“ განახორციელებს, პირველ ეტაპზე, არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მოხდება.

„თბილისის მერიის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან იწყებს რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე ეტაპად დაიყოფა. პირველ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდება გამზირზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები. ტერიტორიაზე არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლები, რომელთაც სპეციალური დამუშავება, შესაბამისი ექსპერტების ჩართულობა სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. უკვე მთლიანად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ქუჩები, ასევე, გუდიაშვილის მოედანი“, – განაცხადა მ.

მისივე თქმით, ბოლო ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, სავარაუდოდ, ორ წელი გაგრძელდება.

„შემდეგი ეტაპი იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ამ თვალსაზრისით გამზირზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ხშირია მიწის ჩავარდნის შემთხვევები, კომუნიკაციების დაზიანების გამო. საგზაო სამუშაოები ბოლოს ჩატარდება, როდესაც ფასადების ძირითადი ნაწილი მოწესრიგებული, ხოლო შენობები გამაგრებული იქნება. სარეაბილიტაციო პროექტი ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რადგან ბევრი შენობა-ნაგებობაა და ამას საგზაო ინფრასტრუქტურაც ემატება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.