კახა კალაძე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე – გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, დღეს, სალომეს რაღაც იქნება – ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს

ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, სიახლე არაფერია, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ და პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ.
„ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს „შალიკოს ფანჩატური“, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესენი უსამშობლო ადამიანები არიან და ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა და ხალხს აკადრებდე იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ? შეიძლება სხვა მიმართულებით რაღაც გააკეთონ, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. არ იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსსო? თუ დაგვავიწყდა? რამეს ხომ არ ვიგონებ, ეს ხომ მისი სიტყვებია?“ – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ყველაფერი გააკეთა, თუმცა, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.
„საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა – შეინარჩუნა მშვიდობა, გაატარა ქვეყნის ინტერესი, დაიცვა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და, რა თქმა უნდა, ღირსებით, თავაწეული და არა ცალ ფეხზე დგომით, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ გაგრძელებას ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ხელის შეშლა იქნება. ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, არსად წასულა, მაგრამ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სწორედ ასე გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!