თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და თანადგომას გამოხატავს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი.
„რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს მეგობრობას, რა თქმა უნდა, ეს მეგობრობა არსებობს და გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, თანადგომას გამოხატავს. ასევე, უკრაინიდან ჩამოსული ადამიანების მიმართ ძალიან ბევრი მხარდამჭერი პროგრამა გვაქვს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება საქართველოს, 2012 წლიდან მოყოლებული ყველა წარმატება, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა, აბსოლუტურად ყველა. რა თქმა უნდა, ეს გზა მომავალშიც გაგრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, მისი შეფასებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მიზანმიმართული სპეკულაციები და შანტაჟი.
„ჩვენ არაერთი შანტაჟი მოგვისმენია რამდენიმე თვის წინ, როდესაც კანდიდატის სტატუსზე იყო საუბარი. გახსოვთ თქვენ ეს პერიოდი, პირდაპირ სააკაშვილის თემას აკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს. მეორე მხრივ, ასევე მოწოდებები კეთდებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, თქვენ კი იმსახურებთ სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. უნდოდათ როგორმე გამოეწვიათ ეს დაპირისპირება, მაგრამ არ გამოუვიდათ. იგივე არის ახლაც მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მიზანმიმართული სპეკულაციები, შანტაჟი მაგრამ არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანა სხვა მიმართულებით წავიდეს. ეს უბრალოდ შეუძლებელი და წარმოდგენილია. მოცემულია 9 პუნქტიანი გემა. ძალიან მალე ეს ყველაფერი შესრულდება. საზოგადოებას ყველაფერს წარვუდგენთ და ბურთი უკვე მათ მხარეს იქნება“ , -განაცხადა კალაძემ.