“როდესაც ხალხს ვხვდები, თავაწეული მოვდივარ, ამაყი ვარ, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და რაც მთავარია თქვენი მხარდაჭერა”, — ამის შესახებ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ კრწანისის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მან ოცნების სხვა ლიდერების მიერ ხშირად თქმული ფრაზაც გაიმეორა და თქვა, რომ “ეამაყება, რომ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლია.
“მეამაყება, რომ ვარ ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი, რომ ვარ თითოეული თქვენგანის თანამებრძოლი, რომ ერთად ვიცავთ საქართველოს ინტერესს და ვაკეთებთ ქართულ საქმეს. ჩვენ ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ”, — თქვა კალაძემ.
მისი თქმით, “ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად, ღირსეულად უპასუხოს ყველა გამოწვევას, ქართული ოცნებაა”.
“ქალაქი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას – გვაქვს ავარიული შენობა-ნაგებობები; გამზირები და ქუჩები, რომელსაც რეაბილიტაცია-განახლება სჭირდება; რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსაწესრიგებელია; ჯერ კიდევ ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს; არიან ოჯახები, ვისაც ჩვენი პროგრამებით თანადგომა სჭირდება. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია რეალურად ღირსეულად უპასუხოს ყველა გამოწვევას, არის ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო.
2017 წელს, როდესაც არჩევნებში მონაწილეობას პირველად ვიღებდი, მჭირდებოდა თბილისელებისთვის მტკიცება, რომ საქმის კეთება შემიძლია. დღეს უკვე, როდესაც ხალხს ვხვდები, თავაწეული მოვდივარ, ამაყი ვარ, რადგან ზურგს მიმაგრებს გაკეთებული საქმეები და რაც მთავარია თქვენი მხარდაჭერა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაციაა. ის სიყვარული, რასაც ხალხისგან ვგრძნობ, რასაც ძალიან ვუფრთხილდები, ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ვემსახურო თბილისს და თბილისელებს”, — აღნიშნა კახა კალაძემ.




