მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, მათი განცხადებებით და მიდგომებით?! – შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო და ეს მიდგომა იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც „საქართველოს პარტნიორები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყებები საქართველოში დამოუკიდებელი არ არის, ამიტომ არის საჭირო საერთაშორისო გამოძიება და თუ არ ჩატარდება, მაშინ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხი იქნება“.
მისივე თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში დასავლეთიდან მტრულ რიტორიკა გვესმის.
„ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვისმენდით მტრულ განცხადებებს და იმ რიტორიკას, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთ განცხადებებს ვისმენდით, რომ ეს ადამიანები არანაირ პატივს არ სცემენ, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, მათი განცხადებებით და მიდგომებით?! შეიძლება მიხეილ სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო და ეს მიდგომა იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს, იცავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ყველამ კეთილი ინებოს (ეს დასავლეთში იქნება თუ სხვაგან) პატივი სცენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას”, – განაცხადა კალაძემ.