კვერცხების სროლა, ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მათგან განსხვავებით, მიუღებელია – არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, რომ გარკვეული პირები მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას კვერცხებს ესვრიან.
კალაძის თქმით, მათ კონკრეტული ფაქტები აქვთ “იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ”.
„ზოგადად, კვერცხების სროლა, ნებისმიერი შეურაცხყოფა, ჩემთვის მათგან განსხვავებით, მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას. არ მახსოვს არცერთი მათგანისგან, მომესმინოს [განცხადება], თუნდაც ჟურნალისტების მიმართ როდესაც მიდის ძალადობა, შეურაცხყოფა. ადამიანმა, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელებს და ადამიანებს ცოცხლად წვავდა, ეს ქალბატონი იყო ზუსტად, რომელიც იწყალებდა, ასეთ ადამიანს. მთელი პიარ-კამპანია მიმდინარეობდა, როგორმე გმირად შეერაცხათ, წარმოგიდგენიათ რასთან გვქონდა საქმე?
არ მახსოვს მათი მხრიდან არცერთი განცხადება დაეგმოთ ძალადობა, არცერთი განცხადება დაეგმოთ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა. მაგალითად, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, როდესაც ელისაშვილი ლაჩრულად მიეპარა და უკნიდან ჩაარტყა, არ მახსოვს არცერთი განცხადება.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თქმა უნდა, არ არის ლამაზი და ჩემთვის მიუღებელია ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხისგება. ჩვენ კონკრეტული ფაქტები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, როგორ ჩადიოდნენ დანაშაულს და ღალატს ქვეყნის წინააღმდეგ”, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, “სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ უცხო ქვეყნის ინტერესებს და გარედან მიღებულ დავალებებს“.
როგორც კალაძემ განაცხადა, საზოგადოებამ ნახა კონკრეტული ფაქტები, როდესაც ქვეყანაში ექსტრემისტული ორგანიზაციების, რადიკალიზმის დაფინანსება ხდებოდა.
„სამწუხაროდ, ბოლო წლების, თვეების განმავლობაში ვიხილეთ კონკრეტული დაჯგუფებები და ადამიანები, რომლებიც აშკარად ატარებდნენ გარედან მიღებულ დავალებებს, უცხო ქვეყნის ინტერესებს. ისინი დგამდნენ ნაბიჯებს, რომლებიც სიძულვილითა და ბოროტებით იყო გაჯერებული, საზოგადოების გახლეჩის [მცდელობები ჰქონდათ]. ვნახეთ კონკრეტული ფაქტები, როდესაც ქვეყანაში ექსტრემისტული ორგანიზაციების, რადიკალიზმის დაფინანსება ხდებოდა. სახელმწიფო გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ.
რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩადიოდა ამ ტიპის ქმედებებს, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მიდიოდა, ყველამ პასუხი უნდა აგოს. ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს“, – აღნიშნა კალაძემ.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, მიუნხენიდან დაბრუნებულ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს.
