კახა კალაძე კახა კახიშვილის განცხადებაზე – პირველად მესმის, არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება!

პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არ იგეგმება! – ასე უპასუხა თბილისის მერმა მ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა, 2026 წელს დაინიშნოს.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, საპარლამენტო არჩევნები კი 2028 წელს იქნება.
„პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი, უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც დღეს დგას და საჭიროა მოგვარებული იყოს. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი.
რაც შეეხება ოპოზიციაში ს გადასვლას, აღნიშნული განცხადება არ ვიცი საიდან გამომდინარე იქნა გაკეთებული. გამიჭირდება ამაზე პასუხი. რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობებია. არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, არსებობს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფება, რომელიც არის გამარგინალებული და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგეს პრობლემას როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ქვეყნისა და ამ ქვეყნის განვითარებისთვის.
ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოსა და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს წაადგება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, კახა კახიშვილმა, გადაცემა „360 გრადუსში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს. ამასთან, მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, [ოპოზიციაში] თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.