თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორუფცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შებამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება, ორ მათგანში მასთან ერთად ფიგურირებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, დაკავებული რომეო მიქაუტაძე.პირველი ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის ლობირების გასაწევად თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით 1 მილიონი აშშ დოლარი აიღო.მეორე ეპიზოდის მიხედვით, ლილუაშვილმა კვლავ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია ,,ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ ხუთასი ათასი ლარი გამოართვა.




