გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, ამაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, სატრანსპორტო რეფორმების ნაწილში ისინი თანმიმდევრულად მიყვებიან იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომელთაც ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ.
„არ შემიძლია გიორგი ვაშაძის განცხადებას არ გამოვეხმაურო იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მითითებებს რეფორმასთან დაკავშირებით არ ვითვალისწინებთ. ამას გავეცი პასუხი, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუეა, ამის შემდეგ ის ხელმეორედ გამოვიდა და კიდევ უფრო მეტი სისულელე ილაპარაკა, ვიდრე წინა დღეებში. ამ თემით პოპულისტური განცხადებების გაკეთება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არავის პოზიტივს არ მოუტანს, ამაში მერწმუნეთ. გიორგი ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს რა არის სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და თუნდაც, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქში ეს მიმართულება მოწესრიგებული იყოს, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ისეთ განცხადებებს აკეთებს. მგონია, რომ პოლიტიკოსმა არც უნდა იცოდეს დეტალებში, არც მე არ ვიცოდი, არც თქვენ არ იცოდით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიონალები არიან, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მსოფლიო დონის კომპანიები არიან, ასეთი რეფორმები გაუკეთებიათ, ასეთი პროექტები განუხორციელებიათ და მათ მივყვებით თანმიმდევრულად. ახალს არაფერს ვიგონებთ და ვერ გამოვიგონებთ, უბრალოდ, რაც გაკეთებულია ყველა განვითარებულ ქვეყანაში და დიდ ქალაქებში, სადაც ანალოგიური პრობლემა იყო, რა თქმა უნდა, მივყვებით“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე განმარტებით, შენიშვნების მიღება პრობლემა არ წარმოადგენს, თუმცა, ეს არგუმენტებზე დაფუძნებული უნდა იყოს. კალაძის თქმით, ისინი ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, მაგრამ პოპულისტური განცხადებები „კარგს არავის მოუტანს“.
„თბილისი სპეციფიკურია თავისი რელიეფიდან გამომდინარე, შეუძლებელია რაღაცების გადმოკოპირება, როგორც სხვა, დიდმა ქალაქებმა გააკეთეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა რელიეფური მდგომარეობა გვაქვს ქალაქში, მაქსიმუმი კეთდება, ერთადერთი მნიშვნელოვანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ხელმისაწვდომობაა, რომ ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული იყოს, ამისთვის ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები შემოგვყავს, რომ უფრო მეტი ადამიანის გადაყვანა შევძლოთ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე, ამიტომ კეთდება საავტობუსო გზები. მეგობრებო, თუ იცით რამე დამატებით, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, გასაკეთებელია, ესეც გვითხარით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს არც თანამშრომლობა, არც შენიშვნების მიღება, არ გვაქვს ამის არანაირი პრობლემა, ეს ქალაქი ხომ ყველასია, ვშრომობთ, ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თბილისი კიდევ უფრო უკეთესი იყოს, კიდევ უფრო მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით, მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უბრალოდ სხვაზე გადაბრალება და თითის გაშვერა – ის არ აკეთებს, აზრზე არ არიან, არ იციანო – კარგი, თქვენ თუ იცით, გვითხარით და გავაკეთებთ, ოღონდ, ეს არგუმენტებზე და კვლევებზე დაფუძნებული უნდა იყოს და არა ისე, რომ ვიღაცას რაღაც წარმოუდგენია, ასე არ არის, რადგან ყველა გადაწყვეტილებას შესაბამისი კვლევები, დაკვირვებები უდგას უკან, შეუცდომელი არავინაა, შეიძლება ჩვენც მოგვდის შეცდომები, მაგრამ თუ იცით ასეთი რამე, ჯადოსნური ჯოხით გაქვთ და ამ ყველაფრის მოწესრიგებას შევძლებთ… 650 000 ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში პიკის საათის დროს, წარმოგიდგენიათ რამხელა ციფრია? 2012 წლამდე თბილისში 180 000-მდე ავტომობილი დადიოდა, ხშირად გვესმის, მოსაზრებები, რატომ ამდენი საავტობუსო ზოლიო, ეს კიდევ ძალიან ცოტაა, რაც არის გაკეთებული, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. დღეს, თუ საცობია კონკრეტულ ლოკაციებზე, იქაც ჩვეულებრივად, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დგას, ამიტომ გვინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაბამისი ზოლები იყოს გამოყენებული, რადგან ავტობუსს, მიკროავტობუსს დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გადაჰყავს, გვინდა კომფორტული, ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის და ადამიანს გაჩერებაზე 20-30 წუთი არ უწევდეს დგომა და გადაჭედილი არ იყოს ავტობუსები, ამიტომ პროექტებს, რომელიც დაწყებული გვაქვს, ბოლომდე მივიყვანთ.
ნებისმიერ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ პოპულისტური განცხადებები კარგს არავის მოუტანს, ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერა არ ვიცი… იმის საშუალებას არავის მივცემთ, რომ საზოგადოებას ტყუილები, სიცრუე ელაპარაკოთ, გამოხვიდე ერთი სისულელე თქვა, მეორე დღეს გამოდიხარ, თითქოს, რაღაცები უნდა წარმოადგინო, კიდევ უფრო მეტ სისულელეს ამბობ, თუ აზრის გამოტანის შესაძლებლობა არ გაქვთ, რა წერია იქ, რაც წარმოადგინეთ, ეს უკვე თქვენი პრობლემაა, ამაში დახმარება ნამდვილად გამიჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.