ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დასანქცირებულია,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მოთხოვნას, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით.
კალაძის თქმით, ივანიშვილისა და მისი ოჯახის შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს.
„ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დასანქცირებულია. ის შეტევები, რაც ამ ადამიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხორციელდება, ყველამ კარგად იცის. დღემდე მიმდინარეობს მისი შანტაჟი. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებას. 3 დეკემბერს გამართულ სხდომაზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც „გმობს საქართველოს მთავრობის არალიბერალურ და ავტორიტარულ უკუსვლას და საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს“.




