არ მაქვს მოლოდინი, რომ დამარცხებული რადიკალების დაჯგუფება, რომელიც გარედან იმართება, პრემიერ-მინისტრთან დიალოგში ჩაერთვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ეს არის დამარცხებული რადიკალების დაჯგუფება, რომელიც გარედან იმართება“.
„მოლოდინი არ მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია რაიმე დიალოგში ჩაერთვება ან რაიმე ნაბიჯს გადადგამს. ეს არის დამარცხებული რადიკალების დაჯგუფება, რომელიც გარედან იმართება. ვიცით ჩვენ, თუ რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რეგიონში, რა უნდათ საქართველოსთან მიმართებით. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ, ვისაც სურვილი აქვს, რა ფორმატშიც უნდათ ვისაუბროთო.
რამდენიმე კვირის წინ, პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა გამოხატეს მზაობა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირ ეთერში შემდგარიყო დებატები პრემიერთან. გახსოვთ რა დღეში ჩააგდეს ისინი, როგორი შეურაცხყოფები მიაყენეს. ეს არის ჩვეულებრივ ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ ატერორებენ და შეურაცხყოფენ თუნდაც საკუთარი დაჯგუფებების წევრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე, მან ისაუბრა საპროტესტო აქციების შესახებაც და აღნიშნა, რომ „ადამიანების ნაწილმა დაინახა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციაზე „არა“ არ უთქვამს.
„აქციები ხომ იმ მოტივით დაიწყო, რომ თითქოს, ჩვენ უარი ვთქვით ევროპულ მომავალზე. როგორ შეიძლება, რომ საქართველოს მთავრობამ ამაზე უარი თქვას? პირიქით, იქიდან მოდის ყოველდღიური შანტაჟი, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – გახსნან მოლაპარაკებები და ჩვენ მზად ვართ, დღესვე ხელი მოვაწეროთ. პარალელურად, ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ე.წ. გზამკვლევია, თანმიმდევრულად მივყვებით. 2028 წლისთვის 90%-ზე მეტი ვალდებულება შესრულებული იქნება და 2030 წლისთვის ქვეყანა მზად იქნება, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ისინი გვეუბნებიან, რომ 2030 წლამდე ვერ მოხდება ევროკავშირის გაფართოება. ეს ჩვენი მოგონილი ხომ არაა?! მაღალი თანამდებობის მქონე პირებმა თავად ისაუბრეს ამაზე, მათ შორის, შარლ მიშელმა. მაშინ რა ხდება? რატომ არის ეს შემოტევები, შანტაჟი? ყველაფერი ხელისგულზეა და ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია.
მგონია, რომ აქციებში მონაწილე ადამიანები ორად უნდა დაიყონ – ერთნი არიან რადიკალური დაჯგუფებები თავისი პოლიტიკური პარტიებით და არასამთავრობო ორგანიზაციებით, ექსტრემისტული დაჯგუფებებით, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. მეორე კი არიან ადამიანები, ვინც მართლაც გულწრფელად აპროტესტებენ. მაგალითად, პრემიერმა განცხადება გააკეთა რომ, შეიძლება ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენი მხრიდან არასწორი კომუნიკაცია იყო, თუმცა, ეს მომდევნო დღეებში აიხსნა. ხალხი დარწმუნდა იმაში, რომ საქართველოს არ შეუძლია თქვას „არა“ ევროინტეგრაციის გზაზე. პირიქით, ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ ეს საკითხი, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ა.შ. ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატება, რაც გვაქვს, „ქართული ოცნების“ დროს მოხდა. შესაბამისად, იმ ნარატივის მიუხედავად, რაც აქვთ წვრილფეხა რადიკალებს თავიანთი ტელევიზიების საშუალებით და ამას გარედანაც ხელს უწყობენ, რომ ჩვენ თითქოს ვთქვით „არა“. ადამიანების ნაწილმა დაინახა, რომ ეს სიმართლე არაა. დარჩნენ წვრილფეხა რადიკალების დაჯგუფებები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.