ყაველაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ „მე არანაირი პირობები არ მაინტერესებს, როგორც მე მაწყობს, ისე უნდა ვითანამშრომლოთ“, – ასე შეაფასა „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა მიხეილ ყაველაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლა.
როგორც გოგოლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, პატარა ქვეყანა, რომელსაც სჭირდება დახმარება და რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, საერთაშორისო თანამეგობრობას უცხადებს, რომ თანამშრომლობა მხოლოდ მის პირობებზე იქნება შესაძლებელი.
გოგოლაშვილის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველო ღიად აცხადებს, რომ არ მიეკუთვნება არც ერთ სამხედრო ან პოლიტიკურ ბლოკს, დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში და არ აღიარებს საერთაშორისო შეთანხმებებს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო პირდაპირ აცხადებს, რომ არც ერთი ქვეყნის ბლოკს არ მიეკუთვნება, დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში, არ ვცნობ საერთაშორისო შეთანხმებებს, აღებულ ვალდებულებებს და ორ მხრივ დიალოგში ვამყარებ ტრანზაქციულ ურთიერთობებს.
პატარა ქვეყანა, რომელსაც სჭირდება დახმარება, რომლის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ჰყავს აგრესიული მეზობლები, რომელიც ჩაყლაპვით ემუქრება, გამოდის და საერთაშორისო თანამეგობრობას ეუბნება,რომ მე თქვენთან ვარ თანასწორ ურთიერთობაში, ანუ მე თქვენ გევაჭრებით და არანაირი პირობა არ დამიყენოთ.
ყაველაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ „მე არანაირი პირობები არ მაინტერესებს, როგორც მე მაწყობს, ისე უნდა ვითანამშრომლოთ“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.
გარდა ამისა, გოგოლაშვილი შეეხო გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების საკთხს.
მისი შეფასებით, ხელისუფლების კრიტიკა გერმანიის ელჩის მიმართ გამოწვეულია იმით, რომ უცხოელი დიპლომატები ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მიხედვით რადიკალები არიან
გოგოლაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობა არ მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები რადიკალები არიან.
„ეს არ არის ელჩის მიწვევა შეხვედრაზე სალაპარაკოდ, ეს არის გამოძახება. ელჩის გამოძახება არის დემარში, ანუ დიპლომატიური პროტესტის ფორმა. ეს არის ქვეყნისთვის მითითება, რომ მე უკმაყოფილო ვარ შენით. შეიძლება შეხვედრაზე არც არაფერი ილაპარაკეს, მაგრამ ეს დემარში თავისთავად არის იმ ქვეყნის მართ უკმაყოფილების გამოხატვა, რაც ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს აცივებს.
აქ არის პიროვნული ასპექტიც. აკრედიტებული ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს პირდაპირ ქვეყანას, მასთან ხდება პირდაპირ კონტაქტი. მგონია, რომ ელჩის დაბარება, ელჩის ქვეყნისთვის, უფრო შეურაცხყოფაა, ვიდრე ნოტის გაგზავნა.
რას შეიძლება ედავებოდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გერმანიის ელჩს: ედავება იმას, რომ შენ ერევი ჩემს შიდა საქმეებში – „ხვდები ადამიანებს, რომლებიც რადიკალები არიან და მხარდაჭერას უწევ იმათ ვინც კრიმინალები არიანო“. გერმანიის მთავრობა არ ცნობს იმას, რომ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი რადიკალები არიან. ის ხალხი ვინც დაიჭირეს, მათ სასამართლო პროცესებზე იჯდა გერმანიის წარმომადგენელი, ამიტომ მათ კარგად იციან როგორ ჩატარდა სასამართლო და ისინი ამ ხალხს არ თვლიან დამნაშავეებად. „ვენის კონვენციამ“ როდის აკრძალა ამ ადამიანებთან შეხვედრა? არ არის შეზღუდული შეხვედრების სუბიექტებში, ასეთი შეზღუდვა არ არსებობს“,- განაცხადა გოგოლაშვილმა.
ამასთან, მან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული ის განცხადება შეაფასა, სადაც მან თქვა, რომ „ევროპაში საქართველო დაკარგულია“.
გოგოლაშვილის შეფასებით, შეიძლება ზელენსკის განცხადება დიპლომატიური არ ყოფილიყო, მაგრამ ის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტია, ამიტომ მისი ლექსიკა ყოველთვის პირდაპირია.
მისი თქმით, რაც შეეხება საქართველოს მხარის რეაქციას, ისინი შეეძლოთ უფრო დიპლომატიურები ყოფილიყვნენ.
„შეიძლება ზელენსკის განცხადება არ იყო დიპლომატიური, მაგრამ ზელენსკი არის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, ასე რომ მისი ლექსიკა არა მარტო ჩვენთან, ხან ტრამპს არ მოსწონს, ხან ევროპელ ლიდერებს არ მოსწონთ, ასე რომ ზელენსკი გამოირჩევა პირდაპირობით და ნაკლები დიპლომატიურობით. შეიძლება გავაკრიტიკოთ იმაში, რომ შეიძლება უფრო რბილად ეთქვა და ა.შ მან თქვა ის, რასაც ფიქრობს, ის არის დაძაბული, მის ზურგზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მას აწევს ომის სიმძიმე, ამიტომ ამ კონტექსტში ნაკლებად ვაკრიტიკოთ.
რაც შეეხება საქართველოს მხრიდან საუბრებს, მათ შეეძლოთ ასევე უფრო დიპლომატიურები ყოფილიყვნენ, წუნი დაედოთ ზელენსკის სიტყვებისთვის, მაგრამ ისეთი სიტყვებით შეუბრუნეს, რომელიც მიუღებელია“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
